რუსეთი-აშშ

ტრამპი რუსეთს: მოემზადეთ სირიაში ახალი და "ჭკვიანი" რაკეტებისათვის!

დონალდ ტრამპი
AP

დონალდ ტრამპი სირიაში ასადის რეჟიმზე თავდასხმის შემთხვევაში რუსეთის მხრიდან მუქარას Twitter-ზე გამოეხმაურა:

"რუსეთი გვპირდება რომ სირიისაკენ გასროლილ ყველა რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე რუსეთო, იმიტომ, რომ ახალი და "ჭკვიანი" რაკეტები წამოვა! თქვენ არ უნდა იყოთ იმ ცხოველის პარტნიორები, რომელიც გაზით ადამიანებს კლავს და ეს სიამოვნებს!"

 

შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს დამასკოს გარეუბანში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ბავშვებიც. დაშავდა 1000-ზე მეტი. 

რუსეთი და სირია ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს უარყოფენ.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა სირიაში ქიმიური შეტევის გამოძიების ახალი მექანიზმის შექმნაზე აშშ-ის რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადო.

დონალდ ტრამპმა ორშაბათს უსაფრთხოების ახალ მრჩეველთან, ჯონ ბოლტონთან შეხვედრისას სავარაუდოდ სირიაში საპასუხო ქმედებები განიხილა. შეხვედრამდე მან თქვა, რომ აშშ პარტნიორებთან ერთად სამოქმედო გეგმას უახლოეს 48 საათში შეიმუშავებდა.

დღეს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა მხარეებს სირიაში საპასუხო ქმედებების განხორციელებისას სიფრთხილისაკენ მოუწოდა. მისი თქმით რუსეთი მისი მოკავშირის წინააღმდეგ აშშ-ის შესაძლო ქმედებებს ეწინააღმდეგება.

"ამერიკელების მიერ საჰაერო თავდასხმის განხორციელების შემთხვევაში რაკეტებს ჩამოვაგდებთ და მიზანში ამოვიღებთ წყაროს საიდანაც რაკეტა გაისროლეს." თქვა ლიბანში რუსეთის ელჩმა, ალექსანდ ზასიპკინმა ჰეზბოლასთან დაკავშირებულ ტელევიზია al-Manar-თან საუბრისას.

მისივე თქმით სირიაში რუსეთისა და აშშ-ის ძალებს შორის დაპირისპირება უნდა გამოირიცხოს და ამისათვის მოლაპარაკებები უნდა შედგეს.

 

 

კომენტარები