კრიმინალი

შსს: ძარცვისა და იარაღის გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დავაკავეთ

Getty Images

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძარცვისა და იარაღის გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს ავტომანქანა გასტაცა, შემდეგ კი იარაღის მუქარით პოლიციის განყოფილებაში შეიჭრა.

"გამოძიებამ დაადგინა, მიმდინარე წლის 2 აპრილს, რომ გ.კ.-მ სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში ერთ-ერთ მოქალაქეს კუთვნილი ავტომანქანა გასტაცა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის ჩალაუბნის განყოფილებაში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, განყოფილების მორიგისთვის იარაღის გამოძალვა სცადა. სამართალდამცველებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. გ.კ.-მ საპატრულო პოლიციის განყოფილებიდან გაქცევა მოახერხა. პოლიციელებმა ბრალდებული მიმალვის მცდელობისას, სოფელ ბაკურციხეში დააკავეს.
სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომანქანა და სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ძარცვის, ასევე, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მისაკუთრების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ან გამოძალვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 237 -ე მუხლის 4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.ჩადენილი დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები