ქართული ოცნება

კილაძე: ოცნება ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებულია, აგრძელებს ივანიშვილის ტრადიციას 

სოფო კილაძე
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, პარლამენტმა ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად კვოტის გამო აირჩია. 

კილაძემ ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა, რომლებთანაც გედევან ფოფხაძის მიერ გასულ კვირას გაკეთებული განცხადებები შეაფასა. ნინია კაკაბაძე პარლამენტმა საზმაუს საბჭოს წევრად 4 აპრილს, 55 ხმით 12-ის წინააღმდეგ აირჩია. ის კანდიდატად "ევროპულმა საქართველომ" წარადგინა. ქართული ოცნების წევრმა, გედევან ფოფხაძემ თქვა, რომ ამის გამო შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს, ვინაიდან "შვიდეულის კვირაში ასეთი რამის გაკეთება არის ყველა მართლმადიდებლის სულში ჩაფურთხება", იმიტომ რომ კაკაბაძე "პატრიარქის მაგინებელია"

"მე მგონია, რომ ნაციონალებზე მეტი ნინია კაკაბაძეს არ დაუშავებია სამშობლოს და ეკლესიის წინაშე. ანუ, ნაციონალებმა გაცილებით მეტი გააფუჭეს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის გარკვეულმა რაოდენობამ მისცა ხმა ნაციონალურ მოძრაობას, ამიტომ ისინი არიან ოპოზიცია და აქვთ თავიანთი კვოტა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქართული ოცნების მთელი გუნდი არის სწორედ ეროვნულ ფასეულობებზე, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული გუნდი და ჩვენ ვაგრძელებთ იმ ტრადიციას, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ამ ქვეყანაში.

თუ ვინმე ცდილობს ისე წარმოაჩინოს, რომ ამ გუნდის გარკვეული ნაწილი არ არის ეროვნული და არის ანტიეროვნული, ეს მისი პრობლემაა. ჩვენ გავაგრძელებთ  საქმის კეთებას ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ", - თქვა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, "ნეტგაზეთის" ცნობით. 

კომენტარები