დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

რუსეთი ქვეყნიდან კიდევ 27 ბრიტანელ დიპლომატს გააძევებს

RIA Novosti

რუსეთი დიდი ბრიტანეთიდან რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ ჯამში 50-მდე ბრიტანელ დიპლომატს გააძევებს.

თავდაპირველად, ოფიციალურმა მოსკოვმა 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევების გადაწყევტილება მიიღო, თუმცა შემდგომ გამოაცხადა, რომ ქვეყანას უფრო მეტი დატოვებს.

ამის მიზეზად აცხადებენ, რომ დიდ ბრიტანეთსა და რუსეთში დიპლომატიური მისიები ერთი ზომის უნდა იყოს. ამის შესახებ მოსკოვში ბრიტანეთის ელჩს, ლაური ბრისტოუს პარასკევს განუცხადეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის დატოვება კიდევ 27 ბრიტანელ დიპლომატს მოუწევს. მათ ამისათვის ერთთვიანი ვადა მისცეს.

შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. საპასუხოდ, იმავე რაოდენობის ბრიტანელი დიპლომატი გაუშვა ქვეყნიდან რუსეთმა.

ამის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნიდან 60 რუსი დიპლომატის გაძევების და სიეტლში რუსეთის საკონსულოს დახურვის ბრძანება გასცა. ქვეყნიდან გაძევებულებს შორის არიან ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში რუსეთის მისიის 12 წევრი.

დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის რუსული ქიმიური იარაღით მოწამვლის საპასუხოდ უკრაინა ქვეყნიდან 13 რუს დიპლომატს აძევებს. 4-4 რუს დიპლომატს გააძევებენ კანადა, საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი. სამ-სამს - ჩეხეთი და ლიტვა. ორ-ორ რუს დიპლომატს აძევებენ დანია, ნიდერლანდები, იტალია, ესპანეთი და ალბანეთი. თითო-თითო რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს ესტონეთმა, ნორვეგიამ, ხორვატიამ, ფინეთმა, უნგრეთმა, ლატვიამ, რუმინეთმა, შვედეთმა და საქართველომ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ქვეყნიდან 60 ამერიკელ დიპლომატს გააძევებენ და სანკტ-პეტერბურგში აშშ-ის საკონსულოს დახურავენ. ლავროვმა აღნიშნა, რომ "საპასუხო ზომების" შესახებ, აშშ-ის ელჩს უკვე შეატყობინეს.

"სხვა ქვეყნებთან დაკავშირებითაც იქნება სარკისებრი პასუხი. იგივე რაოდენობის დიპლომატს გავუშვებთ რუსეთის ფედერაციიდან, რამდენიც მათ გამოაძევეს" - თქვა ლავროვმა.

კომენტარები