პაპუნა უგრეხელიძის საქმე

კოალიცია თანასწორობისთვის: უგრეხელიძეს კიდევ 2 ქალი უჩივის, იკვეთება სექსუალური შევიწროება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უკვე ყოფილ თავმჯდომარის, პაპუნა უგრეხელიძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლო ორ საქმეს განიხილავს, რომელშიც სექსუალური შევიწროების ნიშნები იკვეთება. ინფორმაცია ამის შესახებ კოალიაცია "თანასწორობისთვის" ანგარიშში მოხვდა.

დოკუმენტის მიხედვით, მოსარჩელეები საჯარო რეესტრში 2017 წლის აპრილიდან აღარ მუშაობენ. სამსახურიდან მათი გათავისუფლების მიზეზად ბრძანებებში მითითებულია სტრუქტურული ცვლილებები.  

"მუშაობის პროცესში არაერთხელ ჰქონია ადგილი მოსარჩელეთა შევიწროებასა და სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულებაში ხელის შეშლას. საქმეში წარდგენილია მხარეებს შორის პირადი მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელშიც იკვეთება სექსუალური შევიწროება. სააგენტოს თავმჯდომარე მიმართავდა მოსარჩელეებს ისეთი ზედმეტსახელებით, რომლებიც მათთვის შეურაცხმყოფელი იყო. საჯარო რეესტრის თავმჯდომარე მესამე პირებთან აცხადებდა, რომ მოსარჩელე ქალები იყვნენ მისი "ციყვები", მათთან სექსუალური კავშირი ჰქონდა, მისი მიყვანილები იყვნენ და როცა უნდოდა, მაშინ გააგდებდა. საქმეში ასევე არსებობს მოწმეთა ჩვენებები", - აღნიშნულია ანგარიშში.

მოსარჩელეების ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ისინი მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. ამ ეტაპზე სარჩელი წარმოებაში აქვს მიღებული ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ მუქარაზე ტაბულასთან ისაუბრა ეკა მესხიძემაც, რომელმაც პაპუნა უგრეხელიძის წინააღმდეგ სახალხო დამცველს მიმართა. მისი თქმით, უგრეხელიძე მეგობრების მეშვეობით ემუქრებოდა, რომ გაავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს მასთან მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა არ აკავშირებდა.

კოალიცია "თანასწორობისთვის" განმარტავს, რომ ადამიანის დისკრიმინაცია მისი სქესისა და გენდერის მიხედვით დაუშვებელია როგორც საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით, ისე საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულო საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით.

თავდაპირველად, საჯარო რეესტრის ყოფილი თავმჯდომარის მხრიდან სექსუალურ შევიწროებასა და მუქარის შესახებ ცნობილი მხოლოდ ერთი თანამშრომლისგან გახდა. სწორედ ეკა მესხიძის მიმართ სახალხო დამცველმა დაადგინა დისკრიმინაცია. ომბუდსმენის დასკვნაში აღნიშნულია, რომ უგრეხელიძე თანამშრომელს სექსუალურად და სქესის ნიშნით ავიწროებდა.

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის დასკვნა თითქმის ერთი წლის წინ მომზადდა, მასზე კომენტარი პაპუნა უგრეხელიძის უშუალო ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ფაქტი მედიით გახდა საჯარო. იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ "როგორც ქალმა მინისტრმა, პაპუნა უგრეხელიძეს უნდა მოუსმინოს" და პოზიციას შემდეგ დააფიქსირებს.

ამ განცხადებიდან მეორე დღეს, მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, პაპუნა უგრეხელიძე თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ ეკა მესხიძე აშანტაჟებდა და შურისძიების გამო უჩივლა, რადგან მისი ქმარი სამსახურიდან გაათავისუფლა. მესხიძე ამ დრომდე კონფიდენციალური იყო, თუმცა ყოფილმა ხელმძღვანელმა მისი და მისი ქმრის სახელი საჯაროდ, ფეისბუქზე დაწერა. პაპუნა უგრეხელიძემ ასევე დაწერა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო, აპირებს სასამართლოს მიმართოს.

იმის გამო, რომ ყოფილმა ხელმძღვანელმა მისი ვინაობა გაასაჯაროვა, ეკა მესხიძემ გადაწყვიტა ამ საკითხზე არა კონფიდენციალურად, არამედ ღიად ისაუბროს. მისი თქმით, ქმრის გათავისუფლება არაფერ შუაშია და სახალხო დამცველს მიმართა მუქარის გამო. თუმცა, ეს ორი შემთხვევა დროში ერთმანეთს დაემთხვა.

კომენტარები