პაპუნა უგრეხელიძის საქმე

უგრეხელიძის და ქალების ფოტოს კრიტიკის შემდეგ გიგი უგულავას დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ

facebook.com/papuna

მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრის უფროსი ყოფილმა თანამშრომელმა მუქარაში, სექსუალურ და სქესის ნიშნით შევიწროებაში დაადანაშაულა, საჯარო რეესტრის სხვა თანამშრომელთა ჯგუფი სქესის ნიშნით დისკრიმინაციაში გიგი უგულავას ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადებით მათ სახალხო დამცველს მიმართეს. როგორც თავად ამბობენ, მიმართვას რეესტრის 500-ზე მეტი თანამშრომელი უერთდება. ამასთან, ვრცელდება ცნობები, რომ თანამშრომლებს ხელმოწერას აიძულებენ.

საქმე ეხება ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის Facebook პოსტს, რომლითაც ის პაპუნა უგრეხელიძის ბოლო სამუშაო დღის ამსახველ ფოტოს გამოეხმაურა. ფოტო, სადაც მუქარაში და შევიწროებაში დადანაშაულებული უგრეხელიძე მხარდამჭერ თანამშრომლებთან ერთადაა, უგულავამ პარლამენტში ქალთა კვოტების საწინააღმდეგო არგუმენტად მოიყვანა:

"სტატუს კვოს შენარჩუნება, ქალთა მიმართ ძალადობის დაკანონება, ქალი დეკორაცია - ესაა კვოტები და ამ სურათის სათაური. ამ სურათზე უგრეხელიძეზე სამარცხვინო ეს გაბადრული ქალები არიან", - დაწერა მან.

როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იტყობინება, 506 თანამშრომლისგან შემდგარმა ჯგუფმა სახალხო დამცველს უგულავას განხადებაზე რეაგირების მოთხოვნით 3 აპრილს მიმართა.

მიმართვაში წერია, რომ უგულავას „დამამცირებელი და სიძულვილის ენით გაჟღენთილი ეპითეტები“ სქესის ნიშით დისკრიმინაციაა და მიმართულია საჯარო რეესტრში დასაქმებული ადამიანების „პატივისა და ღირსების,საქმიანი რეპუტაციის შელახვისაკენ. საჯარო პირის მიერ სქესის ნიშნით ქალთა გამორჩევა და მათ მიმართ ასეთი დამამცირებელი, სალანძღავი სიტყვების გამოყენება წარმოადგენს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის საჯაროდ წახალისებას“.

მიმართვაში იმედს გამოთქვამენ, რომ სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები "ადეკვატურ შეფასებას მისცემენ საჯარო რეესტრში დასაქმებული ქალების მიმარულებით გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ საჯარო განცხადებებს". ხელმომწერები ნინო ლომჯარიას "ქალთა პატივის და ღირსების დაცვის უზრუნველყოფისკენ" მოუწოდებენ.

ოფიციალურად გავრცელებამდე, დღის მანძილზე, განცხადების არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ტაბულამ საჯარო რეესტრში სცადა. პრესსამსახურში დაგიდასტურეს, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ თანამშრომლების ჯგუფმა სახალხო დამცველს მიმართა, თუმცა გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ხელმომწერები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

მიმართვის გამოქვეყნებამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ საჯარო რეესტრის თანამრომლებმა მას ხელი ზეწოლის შედეგად მოაწერეს. საუბარია იმაზეც, რომ უწყების ყოფილი თავმჯდომარე, პაპუნა უგრეხელიძე კვლავ აგრძელებს მოვალეობის შესრულებას. ამის შესახებ განცხადება ერთი და იგივე ელექტრონული ფოსტით სხვადასხვა ადამიანთან იგზავნება. ტაბულამ სცადა წერილის ავტორთან დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ.

გარდა ამისა, ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით ჯანდიერი.

“წყარო იტყობინება, რომ რეესტრში არაფორმალური მმართველობის ხანა დაიწყო. ციყვთმოყვარული კვლავ დადის, მითითებებს აძლევს თანამშრომლებს, თათბირებს ატარებს და აშ. საუბარი მიდის იმაზე, რომ ქალი მენეჯერების მხრიდან გავრცელდეს სააგენტოს პოზიცია ყოფილი უფროსის დაცვის მიზნით. წყარომ დაადასტურა, რომ ფეისბუქზე გავრცლებული წერილი მინისტრის შედგენილი იყო - ეჭვიც არ შემპარვია, პრესრელიზებს პირადად აკეთებდა. დრო დაჭირდება ნამდვილად იუსტიციის სისტემაში გაფუჭებული, შექმნილი უსამართლო გარემოს აღდგენას, მაგრამ ისიც ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება და ამ ბოროტი მმართველობისგან ეს სამინისტრო მალე გათავისუფლდება. კლანები სამინისტროებს არ უნდა მართავდნენ”, - წერს ჯანდიერი ფეისბუქზე.

ტაბულასთან საუბარში საჯარო რეესტრის პრესამსახური ამ ინფორმაციებს უარყოფს:

"ადამიანმა დატოვა თანამდებობა, გადააბარა უფლებამოსილება თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, დაგვემშვიდობა ყველას და წავიდა. რაც შეეხება განცხადებას, არანაირ იძულებას ადგილი არ ჰქონია. როგორც ჩანს, თვითონ გაუჩნდათ სურვილი და ვისაც სურვილი ჰქონდა, ალბათ, შეერთებოდა ამ განცხადებას, შეუერთდა. არანაირი იძულება, გამორიცხულია ასეთი რაღაცა“, - უთხრეს ტაბულას უწყების პრესსამსახურში.

გიგი უგულავას შეფასებით, უწყების თანამშრომელი ქალების მიერ გავრცელებული წერილი აჩვენებს, რომ საჯარო სამსახურებში ქალებით მანიპულირებენ.

"ეს წერილი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ საჯარო სამსახურში, კერძოდ იუსტიციის სამინისტროში, კვლავ ხდება ქალებით მანიპულირება. მსხვერპლის გამბედაობის და საზოგადოებრივი წნეხის შედეგად ქ-ნ წულუკიანს მოუწია პაპუნა უგრეხელიძის გათავისუფლება, მაგრამ ახლა სამსახურის დაკარგვის შიშით რეესტრის თანამშრომლებს იძულებულს ხდის კაპრიზები მორჩილად აღუსრულონ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თეა წულუკიანი უგრეხელიძის მფარველი იყო და რომ არა საზოგადოებრივი წნეხი, სავარაუდო მოძალადე არ დაისჯებოდა. ასეთ შემთხვევებში უნდა გაგრძელდეს შესაძლო მსხვერპლთა საზოგადოებრივი თანადგომა.

მე პირადად ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ქალებმა საჯარო სამსახურში თუ მის გარეთ თავი თავისუფლად და დაცულად იგრძნონ,"- აცხადებს უგულავა. 

ტაბულას ინფორმაციით, ომბუდსმენის აპარატმა განცხადება წარმოებაში უკვე მიიღო.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ყოფილმა თანამშრომელი, ეკა მესხიძემ, მუქარაში, სექსუალურ და სქესის ნიშნით შევიწროებაში დაადანაშაულა. სავარაუდო მსხვერპლმა ომბუდსმენსაც მიმართა. 2017 წლის 3 მაისის დასკვნის მიხედვით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ "უგრეხელიძემ, სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით შევიწროება განახორციელა". საჯარო რეესტრის ყოფილ თანამშრომელს ბრალდებების დამადასტურებელი, მუქარის შემცველი მიმოწერა შენახული აქვს და ტაბულასაც მიაწოდა, თუმცა მხოლოდ მათი ნაწილის გასაჯაროება ისურვა.

კომენტარები