პაპუნა უგრეხელიძის საქმე

სასამართლომ ეკა მესხიძის წინააღმდეგ პაპუნა უგრეხელიძის სარჩელი წარმოებაში მიიღო

საჯარო რეესტრის ყოფილმა უფროსმა, პაპუნა უგრეხელიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს კვლავ მიმართა, რომელმაც ამჯერად სარჩელი წარმოებაში მიიღო. უგრეხელიძე, რომელსაც სახალხო დამცველმა თანამშრომლის სექსუალური შევიწროება დაუდგინა, სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის ჩივის.

თავდაპირველად სასამართლომ უგრეხელიძეს სარჩელის მიღებაზე უარი უთხრა, რადგან მიიჩნია, ის არ შეიცავდა მითითებას იმის შესახებ, თუ რომელი ცნობების უარყოფა სურდა მოსარჩელეს.

მის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, უგრეხელიძემ საქალაქო სასამართლოს პირველად 2018 წლის 1 ივნისს მიმართა, ტაბულას მიერ მოპოვებული დოკუმენტში კი წერია, რომ 6 ივნისს უგრეხელიძემ უკვე იცოდა უარის შესახებ. [იხილეთ დოკუმენტი]


ფოტო: ტაბულა
მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრის ყოფილმა უფროსმა 14 ივნისს ფეისბუქზე დაწერა, რომ სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო.

19 ივნისს კი ტაბულამ გამოაქვეყნა სტატია პაპუნა უგრეხელიძის სარჩელის მიღებაზე სასამართლოს უარის შესახებ.

29 ივნისს უგრეხელიძემ ფეისბუქზე კვლავ დაწერა, რომ სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და შესაბამისი დოკუმენტიც გამოაქვეყნა. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, უგრეხელიძემ სასამართლოს 21 ივნისს მიმართა, 29 ივნისს კი აცნობეს, რომ მისი სარჩელი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია. [იხილეთ დოკუმენტი]


ფოტო: www.facebook.com/papuna
თბილისის საქალაქო სასამართლო პაპუნა უგრეხელიძის სარჩელზე უარს 5 ივნისს ასე განმარტავდა:

"სასამართლოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გაცნობის შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს მოსარჩელის მოთხოვნა. 2 განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა არ შეიცავს მითითებას, კონკრეტული ცნობების/გამონათქვამების შესახებ, რომლის უარყოფაც სურს მოსარჩელეს მოპასუხისაგან", - აღნიშნულია სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების სამოტივაციო ნაწილში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს გამოასწოროს მითითებული დარღვევა და წარადგინოს სრულყოფილი სარჩელი. [იხილეთ დოკუმენტი]


ფოტო: ტაბულა
სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით, საჯარო რეესტრის თავმჯდომარე, პაპუნა უგრეხელიძე თანამშრომელს, ეკა მესხიძეს სქესის ნიშნით და სექსუალურად ავიწროებდა. ამავე დოკუმენტში საუბარია მუქარაზე და არის მტკიცებულებები SMS შეტყობინებების სახით, სადაც უგრეხელიძე მესხიძეს ცემით ემუქრება.

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის დასკვნა 2017 წლის მაისში მომზადდა, მასზე კომენტარი პაპუნა უგრეხელიძის უშუალო ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც ფაქტი მედიით გახდა საჯარო. იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ "როგორც ქალმა მინისტრმა, პაპუნა უგრეხელიძეს უნდა მოუსმინოს" და პოზიციას შემდეგ დააფიქსირებს.

27 მარტს, წულუკიანის განცხადებიდან მეორე დღეს, მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, პაპუნა უგრეხელიძე თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ ეკა მესხიძე აშანტაჟებდა და შურისძიების გამო უჩივლა, რადგან მისი ქმარი სამსახურიდან გაათავისუფლა. მესხიძე ამ დრომდე კონფიდენციალური იყო, თუმცა ყოფილმა ხელმძღვანელმა მისი და მისი ქმრის სახელი საჯაროდ, ფეისბუქზე დაწერა. პაპუნა უგრეხელიძემ ასევე დაწერა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო, აპირებს სასამართლოს მიმართოს.

იმის გამო, რომ ყოფილმა ხელმძღვანელმა მისი ვინაობა გაასაჯაროვა, ეკა მესხიძემ გადაწყვიტა ამ საკითხზე არა კონფიდენციალურად, არამედ ღიად ისაუბროს. მისი თქმით, ქმრის გათავისუფლება არაფერ შუაშია და სახალხო დამცველს მიმართა მუქარის გამო. თუმცა, ეს ორი შემთხვევა დროში ერთმანეთს დაემთხვა.

გარდა ამისა, 30 მარტს გამოქვეყნდა კოალიაცია "თანასწორობისთვის" ანგარიში, სადაც საუბარია კიდევ ორ საქმეზე. დოკუმენტის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უკვე ყოფილ თავმჯდომარის, პაპუნა უგრეხელიძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლო ორ საქმეს განიხილავს, რომელშიც სექსუალური შევიწროების ნიშნები იკვეთება.

"მუშაობის პროცესში არაერთხელ ჰქონია ადგილი მოსარჩელეთა შევიწროებასა და სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულებაში ხელის შეშლას. საქმეში წარდგენილია მხარეებს შორის პირადი მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელშიც იკვეთება სექსუალური შევიწროება. სააგენტოს თავმჯდომარე მიმართავდა მოსარჩელეებს ისეთი ზედმეტსახელებით, რომლებიც მათთვის შეურაცხმყოფელი იყო. საჯარო რეესტრის თავმჯდომარე მესამე პირებთან აცხადებდა, რომ მოსარჩელე ქალები იყვნენ მისი "ციყვები", მათთან სექსუალური კავშირი ჰქონდა, მისი მიყვანილები იყვნენ და როცა უნდოდა, მაშინ გააგდებდა. საქმეში ასევე არსებობს მოწმეთა ჩვენებები", - აღნიშნულია ანგარიშში.

ამის შემდეგ, კიდევ ერთი განცხადება გააკეთა თეა წულუკიანმა. ის, პაპუნა უგრეხელიძის მსგავსად, ეკა მესხიძეს ე.წ. მსხვერპლს უწოდებს და ამბობს, რომ სამარცხვინოა, როცა ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ხდება ტყუილით. იუსტიციის მინისტრი ამ განცხადებაშიც ამბობს იმას, რისი ამსახველი დოკუმენტაცია დღეს უწყებამ გაავრცელა - ეკა მესხიძის 27 მარტის მიმართვა. თეა წულუკიანს არაფერი უთქვამს იმაზე, მიიღო თუ არა მესხიძისგან წერილი ელექტრონულ ფოსტაზე, 2017 წლის 5 მაისს.

კომენტარები