პაპუნა უგრეხელიძის საქმე

ქარტია: 14-მა მედიამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს პაპუნა უგრეხელიძე უდანაშულოდ ცნეს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განიხილა ეკა მესხიძის საქმე, რომლის პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან შევიწროება სახალხო დამცველმა დაადგინა.

ეკა მესხიძემ ქარტიას 15 მედიის წინააღმდეგ მას შემდეგ მიმართა, რაც მათ გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია, თითქოს სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე უდანაშაულოდ ცნო და დაადგინა, რომ იმ პერიოდში, როცა ის საჯაროს რეესტრის ეროვნულ სააგენტოში თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია.

ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქმეზე ეკატერინე მესხიძე 15 მედიის წინააღმდეგ, ქარტიის პრინციპების დარღვევა დადგინდა. საბჭომ ამ დროისთვის სულ 14 განცხადება განიხილა, ერთ განცხადებაზე, რომელიც ტელეკომპანია მაესტროს ეხებოდა, განხილვა გადაიდო.

მესხიძე ამ მედიებს ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპის დარღვევას ედავებოდა. ქარტიის პირველი პრინციპია: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია", ხოლო მეხუთე - "მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება".

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი პრინციპის დარღვევა დაუდგინდა 14-ვე მედიას, ხოლო მე-5 პრინციპის დარღვევა 10-ს.

დარღვევა დაუდგინდა:

  • ტელეკომპანია იმედი - პირველი და მეხუთე პრინციპები
  • ინტერპრენიუსი - პირველი და მეხუთე პრინციპი
  • ლიბერალი - პირველი და მეხუთე პრინციპი
  • აიპრესი - პირველი და მეხუთე პრინციპი
  • კვირის პალიტრა - პირველი პრინციპი
  • ობიექტივი - პირველი პრინციპი
  • ambebi.ge - პირველი პრინციპი
  • გურიანიუსი - პირველი და მეხუთე პრინციპი
  • ნიუსპოსტი - პირველი და მეხუთე პრინციპი
  • მარშალპრესი - პირველი და მეხუთე პრინციპი
  • Caucasus buiseness week - პირველი და მეხუთე პრინციპი
  • 2020news - პირველი და მეხუთე პრინციპი
  • ინფოფოსტალიონი - პირველი და მეხუთე პრინციპი
  • ექსკლუზივნიუსი - პირველი პრინციპი​

შეგახსენებთ, რომ ეკა მესხიძეს, რომლის სქესის ნიშნით და სექსუალური შევიწროება პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან სახალხო დამცველმა დაადასტურა, სასამართლომ საჯაროდ გავრცელებული ცნობების ნაწილის უარყოფა დაავალა. ქალს იმ განცხადებების ნაწილის უარყოფა დაევალა, რომლებიც მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ომბუდსმენის გადაწყვეტილება მედიაში გასაჯაროვდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ეკა მესხიძე სააპელაციოში ასაჩივრებს, მის ინტერესებს საია იცავს.

სწორედ ამის შემდეგ, მედიაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე "ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაში უდანაშაულოდ ცნო". თუმცა, სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველის მიერ დადგენილია და მას სასამართლო ვერ შეცვლის. სასამართლოში დავა მიმდინარეობდა არა შევიწროების ფაქტზე, არამედ, ეკა მესხიძის მიერ ფაქტის გასაჯაროვების შემდეგ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეზე.

სასამართლომ გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ყოფილი ხელმძღვანელის სარჩელის საფუძველზე მიიღო, რომელმაც ეკა მესხიძეს პატივისა და ღირსების შელახვის მუხლით უჩივლა. ის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას ითხოვდა. 

კომენტარები