პაპუნა უგრეხელიძის საქმე

ჯანდიერი მთავრობას: ძალადობის დამფარავი, მდაბიოდ მატყუარა "ქალი-მინისტრი" გყავთ

ტაბულა

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პაპუნა უგრეხელიძის მიმართ ბრალდებებს და ამ ბრალდებებზე მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებას, facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმიანება.

"საქართველოს მთავრობა - ნამდვილად ძალიან დიდი სირცხვილია, რომ გყავთ ძალადობაზე ხელის დამფარებელი, მდაბიოდ მატყუარა "ქალი-მინისტრი". რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა წამოაძახონ ამ პრემიერს, რომ ის არ აყენებს იმ მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს, რომელიც მისი კლანის წევრის მიერ განხორციელებულ ძალადობაზე რეაგირების ნაცვლად მსხვერპლს ესხმის თავს, ამჯერად საჯაროდ. ქალის მიმართ სოლიდარობის ნაცვლად, მინისტრთა კაბინეტის წევრი საჯაროდ ლანძღავს მის ყოფილ თანამშრომელს და ცილს სწამებს. სირცხვილიცაა და სირცხვილიც.

ეკა მესხიძეს ვიცნობ 2012 წლიდან, როდესაც პრემიერ ივანიშვილის გადაწყვეტილებით იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ დავინიშნე. საჯარო რეესტრი ჩემი საკურატორო სფერო იყო, ამიტომ კარგად ვიცნობ იქაურ სიტუაციას და თითოეულ მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე ადამიანს. სრული გულახდილობით ვამბობ, რომ ეკა იყო უაღრესად მოწესრიგებული ყოველთვის, თავისი საქმის მცოდნე, მშრომელი, წესიერი და უბრალოდ კარგი ადამიანი. არ მახსოვს არც ერთი პრეტენზია მის მიმართ ეკა კერესელიძის მხრიდან, რომელიც ხელმძღვანელობდა რეესტრს. საზღვარგარეთ მივლინებებშიც, სადაც ერთად გვიწევდა ხოლმე წასვლა, ეკა ყოველთვის იწვევდა დონორების კეთილგანწყობას. რასაც იტყოდა დათქმულ ვადაში აკეთებდა და ყოველთვის მაღალპროფესიონალურად. ამ ადამიანს უყვარდა თავისი საქმე და ეს ყოველ მის მოქმედებაში ჩანდა.

სამწუხაროდ ეკა არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი, ვინც იძულებული გახდა იუსტიციის სისტემა დაეტოვებინა. ეს ხალხი ჩანაცვლდა მინისტრის კლანის მეგობარ-ნათესავებით. ეკას პიროვნებიდან გამომდინარე, ძალიან სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ის ვინმეს რამეს აბრალებს, მაშინ როცა არსებობს კონკრეტული მტკიცებულება - მინისტრისთვის სამსახურებრივ მისამართზე გაგზავნილი იმეილი, რომლითაც ისინი ადრეც კონტაქტობდნენ, რასაც მერე მოჰყვა მინისტრის მხრიდან მისი გალანძღვა ერთ-ერთ შეხვედრაზე ამ იმეილის გამო. იუსტიციის მინისტრი რა დონის მატყუარა და ყველაფრის მკადრებელი დამბრალებელია ეს იცის ყველამ სამინისტროში და მის გარეთაც. საქართველოს მთავრობა - სირცხვილია როცა ხელს აფარებთ ადამიანების ჩაგვრაში მხილებულ მინისტრს, სირცხვილი!" წერს ჯანდიერი.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით, საჯარო რეესტრის თავმჯდომარე, პაპუნა უგრეხელიძე თანამშრომელს, ეკა მესხიძეს სქესის ნიშნით და სექსუალურად ავიწროებდა. ამავე დოკუმენტში საუბარია მუქარაზე და არის მტკიცებულებები SMS შეტყობინებების სახით, სადაც უგრეხელიძე მესხიძეს ცემით ემუქრება.

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის დასკვნა თითქმის ერთი წლის წინ მომზადდა, მასზე კომენტარი პაპუნა უგრეხელიძის უშუალო ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ფაქტი მედიით გახდა საჯარო. იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ "როგორც ქალმა მინისტრმა, პაპუნა უგრეხელიძეს უნდა მოუსმინოს" და პოზიციას შემდეგ დააფიქსირებს.

ამ განცხადებიდან მეორე დღეს, მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, პაპუნა უგრეხელიძე თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ ეკა მესხიძე აშანტაჟებდა და შურისძიების გამო უჩივლა, რადგან მისი ქმარი სამსახურიდან გაათავისუფლა. მესხიძე ამ დრომდე კონფიდენციალური იყო, თუმცა ყოფილმა ხელმძღვანელმა მისი და მისი ქმრის სახელი საჯაროდ, ფეისბუქზე დაწერა. პაპუნა უგრეხელიძემ ასევე დაწერა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო, აპირებს სასამართლოს მიმართოს.

იმის გამო, რომ ყოფილმა ხელმძღვანელმა მისი ვინაობა გაასაჯაროვა, ეკა მესხიძემ გადაწყვიტა ამ საკითხზე არა კონფიდენციალურად, არამედ ღიად ისაუბროს. მისი თქმით,ქმრის გათავისუფლება არაფერ შუაშია და სახალხო დამცველს მიმართა მუქარის გამო. თუმცა, ეს ორი შემთხვევა დროში ერთმანეთს დაემთხვა.

გუშინ, 30 მარტს გამოქვეყნდა კოალიაცია "თანასწორობისთვის" ანგარიში, სადაც საუბარია კიდევ ორ საქმეზე. დოკუმენტის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უკვე ყოფილ თავმჯდომარის, პაპუნა უგრეხელიძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლო ორ საქმეს განიხილავს, რომელშიც სექსუალური შევიწროების ნიშნები იკვეთება.

"მუშაობის პროცესში არაერთხელ ჰქონია ადგილი მოსარჩელეთა შევიწროებასა და სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულებაში ხელის შეშლას. საქმეში წარდგენილია მხარეებს შორის პირადი მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელშიც იკვეთება სექსუალური შევიწროება. სააგენტოს თავმჯდომარე მიმართავდა მოსარჩელეებს ისეთი ზედმეტსახელებით, რომლებიც მათთვის შეურაცხმყოფელი იყო. საჯარო რეესტრის თავმჯდომარე მესამე პირებთან აცხადებდა, რომ მოსარჩელე ქალები იყვნენ მისი "ციყვები", მათთან სექსუალური კავშირი ჰქონდა, მისი მიყვანილები იყვნენ და როცა უნდოდა, მაშინ გააგდებდა. საქმეში ასევე არსებობს მოწმეთა ჩვენებები", - აღნიშნულია ანგარიშში.

ამის შემდეგ, კიდევ ერთი განცხადება გააკეთა თეა წულუკიანმა. ის, პაპუნა უგრეხელიძის მსგავსად, ეკა მესხიძეს ე.წ. მსხვერპლს უწოდებს და ამბობს, რომ სამარცხვინოა, როცა ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ხდება ტყუილით. იუსტიციის მინისტრი ამ განცხადებაშიც ამბობს იმას, რისი ამსახველი დოკუმენტაცია დღეს უწყებამ გაავრცელა - ეკა მესხიძის 27 მარტის მიმართვა. თეა წულუკიანს არაფერი უთქვამს იმაზე, მიიღო თუ არა მესხიძისგან წერილი ელექტრონულ ფოსტაზე, 2017 წლის 5 მაისს.

კომენტარები