სუს

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გარემოს დაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უწყების ანტიკორუფციულმა სააგენტომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, 5 პირი დააკავა.

სუს-ის ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები გენო ქ., ემზარ ც., მამუკა ა., ირაკლი ხ. და რამაზ კ. სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურეობრივი სიყალბის ფაქტებზე დააკავეს. 

უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ თანამშრომლებს, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე, უკანონო ქმედების ჩადენის შედეგად, მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით შეუთანხმდნენ, რომ ინერტული მასალას, ქვიშა-ღორღს ლიცენზიის გარეშე მოიპოვებდნენ. 

სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულებმა 2017-2018 წლებში კანონით გათვალისწინებული და მათზე დაკისრებული მოვალეობები არ შეასრულეს. კერძოდ, ზემოაღნიშნული კომპანიების წარმომადგენლები უკანონო ქმედებებში არ ამხილეს და სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად, "თავისი უმოქმედობით და ყალბი დოკუმენტების შედგენის შედეგად" მათ საშუალება მისცეს ლიცენზიის გარეშე მოეპოვებინათ დიდი ოდენობით ქვიშა-ღორღი, რამაც სუს-ისვე განცხადებით, არსებითად დაარღვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამსახურეობრივ სიყალბეს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით. 

გამოძიებას სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. 

კომენტარები