სექსუალური შევიწროება

წულუკიანი: უგრეხელიძესთან კითხვები მაქვს, უნდა მოვუსმინო, როგორც ქალმა მინისტრმა

ტაბულა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პაპუნა უგრეხელიძის მიმართ ბრალდებებს "ცალმხრივი პოზიციების გავრცელებას" უწოდებს. წულუკიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მხოლოდ მას შემდეგ იტყვის საკუთარ პოზიციას, რაც უგრეხელიძეს პირადად მოუსმენს.

"არ არის კარგი ასეთ თემებზე ცალმხრივი პოზიციის გავრცელება, ცალმხრივად სიუჟეტების და ნიუსების კეთება, ეს ვერ იქნება ჩემი პოზიცია. ჩვენ, ქალებს, გვაქვს ყველას ერთი მიზანი, რომ ქალთა უფლებები დავამკვიდროთ ამ ქვეყანაში, ეს ბრძოლა არის რთული და ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ ჩვენ ერთად, სოლიდარულები და რაც მთავარია, არ დავუშვათ შეცდომები.

ჩემი პოზიცია დღეს, იმ მომენტში, როცა თავად პაპუნა უგრეხელიძე იმყოფება მივლინებაში, არის ის, რომ როგორც ქალმა მინისტრმა, უნდა მოვუსმინო მას. მიმდინარეობს სასამართლო, სადაც არა იუსტიციის სამინისტრო, არა საჯარო რეესტრი, არამედ პირადად ის არის მოპასუხე. შესაბამისად, ამ საქმის მასალები იცის მან და მეორე მხარემ მხოლოდ" - თქვა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ მისი მოადგილე უგრეხელიძის ადვოკატებს უკვე შეხვდა. 

"იმისთვის, რომ მასალებზე წვდომა გვქონოდა... მე მაქვს რამდენიმე კითხვა, მათ შორის უხერხული კითხვებიც მასთან. როცა პაპუნა უგრეხელიძეს შევხვდები, უკვე ინფორმირებულ პოზიციას გაგაცნობთ" - ამბობს იუსტიციის მინისტრი,

ჟურნალისტებმა წულუკიანს კითხეს, რატომ არ დასვა კითხვები მაშინ, როცა სახალხო დამცველის დასკვნა გახდა ცნობილი.

"სახალხო დამცველმა არა სამინისტროს, არამედ პირადად მას და მეორე მხარეს მიაწოდა ეს რეკომენდაცია. შესაბამისად, თქვენის ნებართვით, პირველ რიგში ქალებს მოგმართავთ - ჩვენი ბრძოლისთვის, იმისთვის, რომ ეს ბრძოლა იყოს წარმატებული, ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ პოზიციებს, მათ შორის, ძალიან მკაცრ პოზიციებს დავიჭერთ, (მე ასეთები დამიჭერია ჩემი სისტემის მამაკაცებისადმი, ოღონდ ეს საქმეები არ გახმაურებულა და ცუდად დამთავრებულა მათთვის ჩვენს სისტემაში კარიერა, მაგრამ ეს პოზიციები დამიჭერია მას მერე, რაც მინახავს ყველა დოკუმენტი, მტკიცებულება და მეორე მხარისთვის მომისმენია)... ამიტომ, ქალებს მოგმართავთ, ზოგიერთს, ყველას არა, პირველ რიგში, რომ მოვუსმინოთ მამაკაცებსაც ჯერ და მერე არაფერი წინ არ უდგას სწორი პოზიციების [დაფიქსირებას]" - თქვა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს პაპუნა უგრეხელიძეს ყოფილი თანამშრომელი მუქარაში, სექსუალურ და სქესის ნიშნით შევიწროებაში ადანაშაულებს. სავარაუდო მსხვერპლმა ომბუდსმენსაც მიმართა. 2017 წლის 3 მაისის დასკვნის მიხედვით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ "უგრეხელიძემ, სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით შევიწროება განახორციელა".

კომენტარები