საუდის არაბეთი

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე: აუცილებელი არ არის ქალებმა ჰიჯაბი და აბაია ატარონ

Reuters

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმანის თქმით აუცილებელი არ არის ქალმა ჰიჯაბი (თავსაბურავი) და აბაია (გრძელი მანტია, რომელიც მთელ სხეულს ფარავს) ატაროს, თუ მისი ჩაცმულობა მართებული და მოკრძალებულია.

"შარიათის კანონი ძალიან ნათლად არის ჩამოყალიბებული: ქალებს უნდა ეცვათ მოკრძალებულად და მართებულად, ისევე როგორც მამაკაცებს. თუმცა ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც შავი აბაიას ან შავი თავსაბურავის ტარებას. გადაწყვეტილება ქალებზეა. მათ უნდა გადაწყვიტონ როგორი სახის მოკრძალებული და მართებული ტანსაცმლით შეიმოსებიან." თქვა მუჰამედ ბინ სალმანმა CBS-სთან ინტერვიუში.

მიუხედავად იმისა, რომ წერილობით მსგავსი კანონი არ არსებობს, დღემდე საუდის არაბეთში ქალებს თავსაბურავის და აბაიას ტარებას ავალდებულებენ. უკანასკნელ პერიოდში ტრადიციული შავი სამოსი შედარებით ფერადმა შეცვალა. უცნობია რა გავლენას მოახდენს ტახტის მემკვიდრის ეს განცხადება ქალების ჩაცმულობაზე არსებულ შეზღუდვებზე.

შეგახსენებთ, რომ მუჰამედ ბინ სალმანმა ქალებს მანქანის მართვის და სპორტულ ღონისძიებებზე ოჯახთან ერთად სტადიონზე დასწრების უფლებაც მისცა. ასევე, საუდის არაბეთი ტურისტული ვიზების გაცემას იწყებს და ქალებს ქვეყანაში შესვლის უფლება უკვე მეურვის თანხლების გარეშეც ექნებათ.

კომენტარები