თავდასხმა რუსთავი 2-ზე

რუსთავი 2-ის შენობასთან ე.წ ქართული მარშის 6 წევრი ძალადობისთვის დააკავეს

ტელეკომპანია რუსთავი 2-თან მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული არიან ე.წ ქართული მარშის აქტივისტები. ისინი დღეს რუსთავი ორის შენობასთან მივიდნენ და გადაცემა პოსტსკრიპტუმის წამყვანს, გიორგი გაბუნიას ტელეკომპანიის ეზოში არ უშვებდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

"ტელეკომპანიის შენობის წინ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ტელევიზიის ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ჟურნალისტი დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება  სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო. დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული მარშის“ წევრების მიერ გამართული აქციის შესახებ  „112“-ში შეტყობინება 16:32 ზე შევიდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო ეკიპაჟების მობილიზება „რუსთავი-2“-ის ეზოსთან 16:39 საათზე დაიწყო. ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები,  საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამ დრომდე რჩებიან." - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ქართული მარშის აგრესიის მიზეზი, სავარაუდოდ, გაბუნიას გუშინდელი მონოლოგია - გაბუნიამ თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული".

კომენტარები