თავდასხმა რუსთავი 2-ზე

"არა ფობიას": რ2-თან აგრესია ექსტრემიზმთან ბრძოლის პოლიტიკის საჭიროებას აჩვენებს

არა ფობიას!

სამოქალაქო პლატფორმაში "არა-ფობიას!" შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს რუსთავი 2-ის შენობასთან განვითარებულ მოვლენებზე მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

გარდა ამისა, ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სამართალდამცავ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ მკაცრი პოლიტიკა ნებისმიერი იმ ქმედების მიმართ, რომელიც შეიცავს ძალადობას, მიმართულია ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და, ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.

შესაბამისი განცხადება პლატფორმამ "არა ფობიას" დღეს გაავრცელა.

"ეს არ არის "ქართული მარშის" წევრების მიერ განხორციელებული აგრესიის პირველი შემთხვევა მათთვის მიუღებელი აზრის წინააღმდეგ. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, მათი მხრიდან გამოვლენილი დანაშაულებრივი ხასიათის ქმედებები და თებერვალში დაანონსებული ე.წ. სახალხო პატრულის შემოღების ინიციატივა ცხადჰყოფს, რომ ისინი კვლავაც გააგრძელებენ ნებისმიერი მათთვის მიუღებელი ადამიანის ფიზიკურ შეურაცხყოფას და  ეცდებიან განსხვავებული აზრის დანაშაულებრივი გზით ჩახშობას.

ამდენად, რუსთავი 2-თან დაკავშირებით გამოვლენილი აგრესიის კიდევ ერთი აქტი ნათლად აჩვენებს სახელმწიფოს მხრიდან ექსტრემიზმთან ბრძოლის კონკრეტული პოლიტიკის დასახვის საჭიროებას, რომელიც მიმართული იქნება ერთი მხრივ ამგვარი დანაშაულებრივი შემთხვევების დროული აღკვეთისა და შესაბამისი პირების მკაცრად დასჯისკენ, მეორე მხრივ კი ასეთ შემთხვევათა პრევენციისაკენ", - აღნიშნავენ ორგანიზაციები.

მათივე განცხადებით, საჯაროდ გავრცელებულ ვიდეო მასალაში, რომელიც ტელეკომპანიის თანამშრომლებზე თავდასხმას ასახავს, იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, მათ შორის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ამისა, შსს-მ გამოძიება ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით დაიწყო, ქართული მარშის წევრები კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის - ხულიგნობისა და სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

აქვე, "არა ფობიას" მიესალმება 21 მარტს, შსს-ს მიერ ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით ლადო სადღობელაშვილის და სხვა 4 პირის დაკავებას.

გარდა ამისა, პლატფორმაში აღნიშნავენ, რომ "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის" თავიდან აცილების მოტივით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია.

"გამოხატვის თავისუფლების ძირითად არსს წარმოადგენს სწორედ შესაძლებლობა, გვქონდეს მათ შორის კრიტიკული, შოკისმომგვრელი და თუნდაც შეურაცხმყოფელი აზრის გამოხატვის უფლება. რელიგიური გრძნობები კი (რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში სუბიექტური და ინდივიდუალურია) არ და ვერ იქნება ის საფუძველი, რომელიც გაამართლებს ამგვარ შეზღუდვას. ნებისმიერი ასეთი მცდელობა ახალისებს "ინკვიზიციური" წარსულის აღდგენას, რომელიც აუცილებლად იქონიებს მსუსხავ ეფექტს საზოგადოებაში ჯანსაღი კრიტიკის არსებობაზე.

ძალადობის, შეუწყნარებლობის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირება ახალისებს ექსტრემისტულ ჯგუფებსა და დანაშაულებრივ ქმედებებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფომ აწარმოოს დროული და ობიექტური გამოძიება, მოახდინის დანაშაულის ზუსტი კვალიფიკაცია, გამოიყენოს ადეკვატური სასჯელი ყველა იმ პირის მიმართ ვისი ბრალეულობაც იკვეთება, დაიცვას მედიის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება", - აღნიშნულია განცხადებაში.

"არა ფობიას" მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, შეხვდეს ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და გააცნოს, თუ რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო სიძულვილით მოტივირებული და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების წინააღდეგ საბრძოლველად. ასევე, მიაწოდოს ინფორმაცია ამგვარ დანაშაულებზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • საფარი
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)

"ქართული მარშის" პროტესტი გიორგი გაბუნის საკადრო ტექსტმა გამოიწვია. სიუჟეტის წარდგენისას ჟურნალისტმა იხუმრა და თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული".

ამის გამო ძალადობრივი ჯგუფის წევრები 19 მარტს, რუსთავი 2-ს შენობასთან მივიდნენ და გაბუნიას ტელეკომპანიის ეზოში შესვლის უფლება არ მისცეს, სცემეს რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, დავით ერაძესაც. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ გიორგი გაბუნიამ მათ "რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა" და ამიტომ ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ.

აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობის გამო, გუშინ, 20 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნეოფაშისტური დაჯგუფების 5 წევრი დააკავა, მათ შორის ლადო სადღობელაშვილი. მათ 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები