თავდასხმა რუსთავი 2-ზე

NGO-ები: რ2-ზე ძალადობის გამოძიებისას დისკრიმინაციული მოტივი დამამძიმებელი გარემოება უნდა იყოს

არასამთავრობო ორგანიზაციები

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, გამოიძიოს რუსთავი 2-ის ჟურნალისტების მიმართ "ქართული მარშის" ძალადობირივი ქმედებების დისკრიმინაციული მოტივები და ისინი დამამძიმებელ გარემოებად განიხილოს.

"19 მარტის აქციაში მონაწილეთა მოქმედებები გამოწვეული იყო სიძულვილისა და შეუწყნარებლობის მოტივით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53¹ მუხლის თანახმად, წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას.

შეუწყნარებლობისა და ძალადობის ფაქტებზე სახელმწიფოს მიერ სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარება და დამნაშავე პირთა ადეკვატური დასჯა აუცილებელია მომავალში ასეთი ფაქტების პრევენციისათვის. საქმეში „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა სახელმწიფოს ვალდებულებას, გამოიძიოს ძალადობრივი აქტის შესაძლო დისკრიმინაციული საფუძველი. ასევე, 19 მარტის იდენტური გარემოებების შეფასებისას - სასამართლო მიიჩნია, რომ საკითხი, მიადგა თუ არა მომჩივნებს სხეულის გარკვეული სიმძიმის დაზიანება, ნაკლებად რელევანტურია კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის დასადგენად და დაასკვნა, რომ მომჩივნების მიმართ განხორციელებული მოპყრობა მათში შიშის, ტანჯვისა და დაუცველობის გამომწვევი იყო, რაც ადამიანის ღირსების დაცვას არ შეესაბამება და, რამაც კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის სიმძიმის ზღვარს მიაღწია მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს 19 მარტის მოვლენების დისკრიმინაციულ მოტივებზე, როგორც სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების დამამძიებელ გარემოებაზე", - აცხადებენ არასამთავრობოები.

აქვე აღნიშნულია, რომ NGO-ები მიესალმებიან სამართალდამცავი ორგანოების მყისიერ რეაგირებას.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

კომენტარები