თავდასხმა რუსთავი 2-ზე

სასამართლომ "ქართული მარშის" ექვსივე წევრს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

დეა მამისეიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართული მარშის" ექვსივე წევრს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი ონიანს გამოძიება სსკ-ის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება), 126-ე (ძალადობა) და 239-ე (ხულიგნობა) მუხლების დარღვევას ედავება, ლუკა ნაცვლიშვილს - 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) და 239-ე (ხულიგნობა) მუხლებით აქვს ბრალი წარდგენილი, ხოლო მიხეილ ამისულაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ირაკლი დოლენჯაშვილს და ბექა რევაზიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით (ხულიგნობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად. 

"ქართული მარშის" წევრები რუსთავი 2-თან, გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის გამო დააკავეს. ძალადობრივი ჯგუფის წევრები გაბუნიას საკადრო ტექსტს აპროტესტებდნენ - ჟურნალისტმა სიუჟეტის წარდგენისას თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული". 
მეორე დღეს, "ქართული მარშის" წევრები რუსთავი 2-ს შენობასთან მივიდნენ და გაბუნიას ტელეკომპანიის ეზოში შესვლის უფლება არ მისცეს, სცემეს რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, დავით ერაძესაც. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ გიორგი გაბუნიამ მათ "რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა" და ამიტომ ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ.

კომენტარები