პროსტიტუცია

მთავრობა იმ ბარებისა და კლუბების დასჯას გეგმავს, სადაც სექს მუშაკები შედიან

flickr.com

მთავრობის წარდგინებით, პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო პაკეტი,  რომლითაც პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის მუხლი იცვლება. ამ მუხლისთვის განკუთვნილი სასჯელი ისეთ დაწესებულებზეც გადადის, სადაც უშუალოდ პროსტიტუცია არ ხდება. შესაბამისად, პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ დაწესებულებების მეპატრონეებს, სადაც სექს მუშაკები მათ პოტენციურ კლიენტებს მომსახურებაზე უთანხმდებიან.

სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლს, რომელსაც ახლა ჰქვია "პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა" სახელი შეეცვლება და მას "პროსტიტუციის ხელშეწყობა" ეწოდება. ასევე, იცვლება ამ მუხლისთვის დადგენილი მაქსიმალური სასჯელი და ის დღეს არსებული 4 წლიდან 6 წლამდე იზრდება. იურიდიულ პირებს კი ლიცენზია უუქმდებათ.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ არსებული კანონმდებლობა პოლიციას არ აძლევს იმოქმედოს იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც არაძალადობრივი მეთოდებით უწყობენ ხელს პირთა პროსტიტუციაში ჩაბმას.

"მოქმედი კანონმდებლობით სამართალდამცავ უწყებებს არ აქვთ სამართლებრივი საფუძველი, იმოქმედონ იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც არაძალადობრივი მეთოდებით ხელს უწყობენ პირის ჩაბმას პროსტიტუციაში, მათ შორის, იმ ბარების, კლუბების თუ სხვა დაწესებულებების წინააღმდეგ, სადაც ადგილი აქვს არაძალადობრივი მეთოდებით ადამიანთა, ზოგიერთ შემთხვევაში კი არასრულწლოვანთა ხელშეწყობას, ჩაებან პროსტიტუციაში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ, კლუბის/ბარის მესაკუთრე, მენეჯერი ან მასთან დაკავშირებული სხვა პირი შეიძლება გვევლინებოდეს პროსტიტუციისათვის ხელის შემწყობად, მაგრამ მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ვერ იწყება ვერც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს პროსტიტუციაში ჩაბმას ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით (რადგან ამგვარი მეთოდების გამოუყენებლობის შემთხვევაში დანაშაულს ადგილი არ აქვს), და ვერც 254-ე მუხლით, რომელიც დანაშაულად აცხადებს მხოლოდ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემას. რადგან, შესაძლოა, ასეთი ადგილები არც გამოიყენებოდეს საკუთრივ პროსტიტუციის ადგილად, მაგრამ გამოყენებულ იქნეს იმისათვის, რათა პროსტიტუციაში ჩაბმული პირი და მისი „მომსახურებით“ მოსარგებლე შეხვდნენ ერთმანეთს და შეთანხმდნენ ამგვარ მომსახურებაზე.

კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლს დაერქვას „პროსტიტუციის ხელშეწყობა“ და მის პირველ ნაწილში დანაშაულად გამოცხადდეს „პირის დაყოლიება პროსტიტუციაზე ან/და სხვა ისეთი არაძალადობრივი ქმედების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს პირის მონაწილეობას პროსტიტუციაში,"- წერია განმარტებით ბარათში.

კომენტარები