ბლოგი

"შენ რა გიჭირს, ქმარი გეხმარება" - რატომ არ გვჭირდება დახმარება

ქალებს ბუნებრივად დაგვეკისრა გარკვეული "როლები", რომლებიც არ იცვლება და არ ნაცვლდება - ორსულობა, მშობიარობა, ძუძუთი კვება. ხშირად კი, ამის კომპენსირების ნაცვლად, დამატება ხდება - ბავშვის მოვლა, საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება და ასე დაუსრულებლად...

მშობიარობის შემდეგი პირველი თვე ბუნდოვნად მახსოვს.

მახსოვს, რომ მე და ბავშვი ერთდროულად ვტიროდით და შიო რიგრიგობით გვამშვიდებდა; მახსოვს, რომ ემილიას ეძინა და ჩვენ ვერ ვიძინებდით; მახსოვს, როგორ მეშინოდა ბავშვთან მარტო დარჩენის და მახსოვს ის დღე, როცა ეს პირველად მოხდა.

ჯერ კიდევ ემილიას გაჩენამდე გადავწყვიტეთ, რომ ზრდასრული ადამიანები ვართ და რადგან შვილი გვინდა, შემდგომი სირთულეებიც დამოუკიდებლად უნდა გადავიტანოთ. შესაბამისად, უარი ვთქვით ბებია-ბაბუების დახმარებაზეც.

პირველ პერიოდში, ჩემი როლი მხოლოდ ბავშვის კვება იყო. შიო აბანავებდა, უცვლიდა საფენს, აცმევდა, ასეირნებდა. მე ვუყურებდი და მეშინოდა.

თუ ჩაგვეძინებოდა, ბავშვის ოდნავ ხმამაღალ სუნთქვაზეც კი ვიღვიძებდით. მერე ვაკვირდებოდით, ხელი ხომ არ ედო ცუდად, ან სულაც თავი - ძილის დროს ბავშვის გაგუდვის საფრთხეზე ალბათ მილიონი სტატია გვქონდა წაკითხული.

პამპერსის შეცვლა შიოს შვებულების ბოლო დღეს ვისწავლე. ტანსაცმლის გამოცვლა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაშიც მიჭირდა, საშინლად მეშინოდა ჩაცმა-გახდის პროცესში ემილიასთვის არაფერი დამეშავებინა.

დილით, შიო მიდიოდა სამსახურში. მე კი ყოველ დღე უფრო და უფრო ვერ ვიტანდი კედლებს, სადაც ვცხოვრობდი - ოდესღაც მყუდრო სახლს, რომლის დალაგება აღარ შემეძლო, სიმყუდროვის განცდა კი, შიშმა შეცვალა. ემილიასთან ერთად ხანდახან მთელი დღის განმავლობაში ვსეირნობდი და სამსახურიდან დაბრუნებულ შიოს ეზოს ჭიშკართან ვხვდებოდი.

რამდენიმე თვის შემდეგ, მეც დავბრუნდი სამსახურში. ვიცოდი, რომ გამიჭირდებოდა და მაქსიმალურად შევზღუდე სენტიმენტები. გავიხსენე, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი კარიერა ჩემთვის და ემილიასთვისაც, რომ თუ მასზე ვფიქრობ, მას რეალიზებული დედა სჭირდება, რომელიც შეძლებს კარგი განათლება მისცეს.

სამსახურში დაბრუნებიდან ერთი თვის თავზე აღმოვაჩინე, რომ ყოველ საღამოს, სახლის ეზოში შესული, ნაბიჯს თითქმის სირბილამდე ვუჩქარებდი, კიბეებიდან კი ბავშვის ტირილის ხმას ვაყურადებდი.

დილით 3-4 საათით ადრე გაღვიძება და ფიზიკური დაღლილობა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც დროის უკმარისობის გამო გრძნობ. მუდმივი დაძაბულობა და ნონ-სტოპ რეჟიმში ყოფნა, სულ სადღაც გეჩქარება, გაგვიანდება, საქმე თავზე გაყრია და ამის გამო საშინლად გრცხვენია. გრცხვენია თანამშრომლების, ხელმძღვანელების და მეგობრების.

როგორც კი მოახერხებ და ამ დაგროვილ საქმეებთან გასამკლავებლად ბავშვს დროს "მოპარავ", სინდისის ქენჯნა გაწუხებს. სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ვერაფრით ვიშორებ კადრს, რომელიც ყოველ დილით მეორდება - ემილია ხელებს იშვერს ჩემთან მოსასვლელად და მე მეჩქარება, ვერ ვეფერები, ვერ ვეთამაშები. მერე ისე იძინებს, რომ სახლიდან გამოსვლამდე ერთ კოცნასაც ვერ ვასწრებ.

ამ ყველაფერს ემატება საკეისროს გამო შეცვლილი სხეული და მთელი ორგანიზმი, რომელსაც ვერ ეგუები. მთავარი კი მშობიარობის შემდგომი დეპრესიაა, შეგრძნება, რომ არავინ და არაფერი ხარ.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის გაჩენა წინასწარ დავგეგმეთ, ვისაუბრეთ ყველა მოსალოდნელ სირთულეზე, საფრთხეზე, ყველაფერი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. მშობლების ფრაზები - "ვჭამეთ", "კბილი ამოგვივიდა", "ჩავისვარეთ" და ა.შ., ხშირად ქილიკის მიზეზი ხდება. არადა, ეს რეალობაა. შენი ცხოვრება იცვლება და ერწყმის ბავშვის ცხოვრებას, განიცდი იმას, რასაც ის. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მშობლები, როგორც ცალკე ინდივიდები, თითქმის აღარ არსებობენ. მათი ინტერესები მეორეხარისხოვანი ხდება და ხშირად, ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება.

ორსულობა, მშობიარობა და ბავშვის მოვლა დაახლოებით ორი წლით აჩერებს ქალის კარიერულ განვითარებას. პირდაპირ ალბათ არავინ იტყვის, მაგრამ ფეხმძიმე ქალისთვის სამსახურში წინსვლა ან ახალ სამსახურში გადასვლა თითქმის გამორიცხულია. არავის სჭირდება კადრი, რომელსაც შესაძლოა, 9 თვის განმავლობაში ექიმებთან ვიზიტები, შემდეგ კი დეკრეტი დასჭირდება.

ქალებს ბუნებრივად დაგვეკისრა გარკვეული "როლები", რომლებიც არ იცვლება და არ ნაცვლდება - ორსულობა, მშობიარობა, ძუძუთი კვება. ხშირად კი, ამის კომპენსირების ნაცვლად, დამატება ხდება - ბავშვის მოვლა, საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება და ასე დაუსრულებლად...

საზოგადოება მუდმივად ცდილობს, ჩაგვსვას გარკვეულ ჩარჩოებში და დაწესებული სტანდარტის გადახვევისთანავე, რეაქციაც არ აყოვნებს:

"აბა რა გეგონა?" - ეუბნებიან ქალებს, როგორც კი გადაღლას შეატყობენ. არაფერიც არ გვეგონა, უბრალოდ, გვაქვს უფლება, დავიღალოთ და ამაზე ვისაუბროთ კიდეც.

იგივე საზოგადოება მუდმივად გვამადლის ქმრის "დახმარებას". დახმარება არის პროცესი, როცა ერთი ადამიანი თავის საქმეს ვერ ასრულებს და მეორე ხელს წამოუკრავს ხოლმე. შვილის მოვლა და გაზრდა მხოლოდ ჩემი საქმე არ არის და შიოს "დახმარება" არაფერში მჭირდება. ქალებს გვჭირდება პასუხისმგებლობის, საქმის განაწილება, გაზიარება. საბედნიეროდ, შიომ ეს იცის.

მისთვისაც არაერთხელ უთქვამთ, რომ ჩაგრავენ, რადგან ბავშვს პამპერსს უცვლის, რომ "20 ქალია ოთახში, ჩააცმევენ ბავშვს" და თვითონ, კაცებთან ერთად, რამე საინტერესოთი დაკავდეს.

---------

არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, რამდენმა ქალმა მიატოვა კარიერა შვილების გამო. მას ამისკენ მოუწოდებს საზოგადოება და ხშირად საკუთარი თავიც. საქართველოში ქალებს დიპლომი ხომ მხოლოდ "გათხოვებისთვის" სჭირდებათ.

და მერე ეს "გათხოვილი" ქალები მუშაობენ სახლშიც, სამსახურშიც, ყველგან. მათი ცხოვრება არის ქმრების და შვილების, რომლებმაც შესაძლოა 3 და 8 მარტი ერთი თაიგულით მიულოცონ. ჩვენ კი ვამბობთ, რომ 8 მარტი საბჭოთა დღესასწაულია, რომ ის ყვავილებისთვის არ არის, მაგრამ ვიცით კი, რას ნიშნავს ამ ქალებისთვის წელიწადში ერთხელ გამოჩენილი სითბო და ყურადღება?

ამიტომაც, მივულოცოთ 8 მარტი ქალებს - ქალებს, რომლებიც ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მოკლეს; რომლების შრომა დაუფასებელია; ქალებს, რომლებმაც იმ მძიმე წლებში ყველა ტვირთი საკუთარ თავზე აიღეს და ოჯახები გადაარჩინეს; რომლებიც უცხო ქვეყანაში მუხლჩაუხრელად მუშაობენ, საკუთარ ქვეყანაში მყოფ ქმარ-შვილს არჩენენ და ეკლესია ამასაც ამადლის; ქალებს, რომლების დაბადება არ გაუხარდათ; ქალებს, რომლებსაც ეშინიათ და მოძალადეებისგან ვერ მიდიან; ქალებს, რომლებიც "გათხოვებისთვის" და "გამრავლებისთვის" გააჩინეს; ქალებს, რომლებსაც უწევთ, იყვნენ ისეთები, როგორიც გარშემომყოფებს სურთ...

პ.ს. საჭიროა, ადამიანებმა იცოდნენ, რა ხდება იმ ფერადი სამყაროს მიღმა, რაც ახალბედა მშობლების ფოტოებიდან ჩანს ხოლმე. ჩემს ცხოვრებაში ემილიას არსებობა წარმოუდგენლად დიდი ბედნიერებაა. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, არც დავფიქრდებოდი, ისე გავივლიდი იგივეს ხელახლა. თუ ოდესმე ამას წაიკითხავს, მინდა ამაში დარწმუნებული იყოს.

კომენტარები