ბლოგი

არის თუ არა აცრა პანაცეა – ჩავარდნილი ვაქცინაცია და მინისტრის ანტივაქსერული განცხადებები

ბლოგი

არის თუ არა აცრა პანაცეა – ჩავარდნილი ვაქცინაცია და მინისტრის ანტივაქსერული განცხადებები

“ვაქცინა არ არის პანაცეა” -  ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯერ კიდევ 2019 წელს, კოვიდპანდემიამდე, გრიპის ვაქცინის შესახებ გააკეთა და აღნიშნა, რომ ვაქცინის სავალდებულოობას არ ემხრობა.

აქედან თითქმის ორი წლის შემდეგ, იმ ფონზე, როცა მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინის თითქმის 4 მილიარდი დოზაა გამოყენებული და პანდემიის დასრულების ერთადერთ საშუალებად სწორედ მასობრივი ვაქცინაცია სახელდება, აცრების ტემპით ერთერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი კვლავ ამბობს, რომ იმუნიზაცია მთავარი პრობლემა არ არის და ვაქცინირებულებშიც ხშირია ინფიცირება.

საქართველო ას კაცზე ადმინისტრირებული დოზების რაოდენობით მსოფლიოში 124-ე ადგილზეა, გვისწრებს როგორც ყველა დასავლური ქვეყანა, ისე, მაგალითად, სამხრეთ აფრიკა, პაკისტანი, ირანი, ვენესულა, ბოტსვანა, ზიმბამბვე, უზბეკეთი, ბელარუსი, ინდოეთი. შედარებისთვის, ამავე სტატისტიკაში მეზობელი თურქეთი 41-ე ადგილზეა, ხოლო აზერბაიჯანი - 73-ზე.

ის, რომ ვაქცინაცია ინფიცირების კუთხით ასპროცენტიანი დაცვის საშუალება არ არის და ვაქცინაციის მთავარი ბენეფიტი სიკვდილიანობის შემცირება და საზოგადოებრივი იმუნიტეტის შექმნით პანდემიის დამარცხებაა, ახალი არ არის, მით უფრო, ახალი შტამების ჩამოყალიბების ფონზე. 

თუმცა, დაგეგმილი 60-70%-ის აცრა ჯერჯერობით მხოლოდ მსოფლიოს ათმა ქვეყანამ მოახერხა - მალტა (74%), არაბეთის გაერთიანებული საემიროები (70%), ისლანდია (70%), ბაჰრეინი (64%), ჩილე (64%), ურუგვაი (63%), მონღოლეთი (61%), არუბა (60%), ბუტანი (60%), კატარი (60%). დელტა შტამის გავრცელების ფონზე 60-70%-ის აცრა რომ არასაკმარისია, ამაზე უკვე არსებობს მონაცემები, თუმცა, მაინც გადავხედოთ თითოეული ამ ქვეყნის ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს:

  • მალტა - მილიონ მოსახლეზე ინფიცირების კუთხით მსოფლიოში მე-19 ადგილი, სიკვდილიანობით - 88-ე (ბოლო 7 დღის მონაცემი).
  • არაბეთის გაერთიანებული საემიროები - მილიონ მოსახლეზე ინფიცირების კუთხით მსოფლიოში 52-ე ადგილი, სიკვდილიანობით - 89-ე (ბოლო 7 დღის მონაცემი).
  • ისლანდია - მილიონ მოსახლეზე ინფიცირების კუთხით 32-ე ადგილი მსოფლიოში, სიკვდილიანობით - 158-ე (ბოლო 7 დღის მონაცემი). ბოლო ორი თვეა, არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა კორონავირუსით. 
  • ბაჰრეინი - მილიონ მოსახლეზე ინფიცირების კუთხით 92-ე ადგილი, სიკვდილიანობით 112-ე.(ბოლო 7 დღის მონაცემი).
  • ჩილე - მილიონ მოსახლეზე ინფიცირების კუთხით მსოფლიოში 122-ზე ადგილი, სიკვდილიანობით - მე-17-ე. (ბოლო 7 დღის მონაცემი). ქვეყანაში 2020 წლის ბოლოდან გავრცელებულია ლამბდა შტამი, რომელიც უკვე დომინანტად ითვლება. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილია სინოვაკით.
  • ურუგვაი -  მილიონ მოსახლეზე ინფიცირების კუთხით მსოფლიოში 91-ე ადგილი, სიკვდილიანობით - 39-ე.(ბოლო 7 დღის მონაცემი).
  • მონღოლეთი -  მილიონ მოსახლეზე ინფიცირების კუთხით მსოფლიოში მე-16 ადგილი, სიკვდილიანობით - 38-ე.(ბოლო 7 დღის მონაცემი).
  • არუბა -  მილიონ მოსახლეზე ინფიცირების კუთხით მსოფლიოში მე-18 ადგილი, სიკვდილიანობით 156-ე. (ბოლო 7 დღის მონაცემი). ბოლო ორ თვეში სულ ორი ადამიანი გარდაიცვალა.
  • ბუტანი -  მილიონ მოსახლეზე ინფიცირების კუთხით მსოფლიოში 155-ე ადგილზე, სიკვდილიანობით - 182-ე.(ბოლო 7 დღის მონაცემი).
  • კატარი -  მილიონ მოსახლეზე ინფიცირების კუთხით მსოფლიოში 108-ე ადგილი, სიკვდილიანობით - 129-ე.(ბოლო 7 დღის მონაცემი).

ბოლო 7 დღეში მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობით საქართველო მეათე ადგილზეა  (პანდემიის დაწყების დღიდან -  მე-18), ხოლო სიკვდილიანობით მე-17-ზე. (პანდემიის დაწყების დღიდან - 38-ე).

საქართველოს ჯანდაცვის მიისტრის განცხადება ძალიან ჰგავს ფეისბუქის ჯგუფებში ანტივაქსერების “არგუმენტს” - “აი, ისრაელში ხომ აცრეს ყველა, ნახეთ, რა დღეში არიან, ისევ დაიწყო მატებაო”. ვნახოთ მონაცემები - ისრაელს სრულად აცრილი ჰყავს მოსახლეობის 59%. შეზღუდვების მოხსნისა და საზღვრების გახსნის ფონზე დელტა შტამის გავრცელების შემდეგ, ისრაელშიც, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, დაიწყო შემთხვევების მატება, თუმცა, ინფიცირების კუთხით ერთ მილიონ მოსახლეზე ის მხოლოდ 50-ე ადგილს იკავებს, ხოლო სიკვდილიანობით - 105-ე. ცხრამილიონიან ქვეყანაში გასული 7 დღის მანძილზე სულ 9 ადამიანი გარდაიცვალა. 2.5-ჯერ მცირე მოსახლეობის საქართველოში კი - 139.

ასევე შეგვიძლია განვიხილოთ ესპანეთის, ნიდერლანდების და დიდი ბრიტანეთის მაგალითები. ეს ქვეყნები საქართველოსთან ერთად გამოცხადდნენ წითელ ზონად და წინა კვირაში ჯერ კიდევ გვისწრებდნენ ინფიცირების კუთხით.

ახლა საქართველო (აცრილია მოსახლეობის 3.9%) მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობით  მე-10 ადგილზეა, ესპანეთი (აცრილია მოსახლეობის 56%) - მე-11, დიდი ბრიტანეთი (აცრილია მოსახლეობის 56%) - მე-12, ხოლო ნიდერლანდები (აცრილია მოსახლეობის 50%) - 22-ე. რაც შეეხება სიკვდილიანობას - საქართველო მე-17 ადგილზეა, დიდი ბრიტანეთი 56-ე, ესპანეთი - 72-ე, ნიდერლანდები - 104-ე.

აქვე არ დავივიწყოთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ოთხი თვის განმავლობაში, ერთი ან ორი დოზით ვაქცინირებულთა მხოლოდ 0.75% დაინფიცირდა. NCDC-ის მონაცემებით, ორჯერადად ვაქცინირებული 407 ინფიცირებულიდან 49%-ის შემთხვევაში, მეორე დოზიდან ორი კვირა არ იყო გასული ანუ NCDC-ის ოფიციალური მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულთა მხოლოდ 0.19% დაინფიცირდა.

მათ უმეტესობას სიმპტომები არ ჰქონია და შემთხვევით, სავალდებულო ტესტირებისას ან ამბულატორიული სამედიცინო სერვისების მიწოდებისას დაუდგინდა Covid 19, აქედან მხოლოდ 4%-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, არავინ არ გარდაცვლილა.

ამ ბლოგის წერისას ჯანდაცვის მინისტრის განცხადება წამომეწია - ანტივაქსერი რომ ვყოფილიყავი, არ ავიცრებოდიო. ამას “ერთი ხელით” ამბობს ქალბატონი მინისტრი მაშინ, როცა ანტივაქსერი საზოგადოების ნაწილი დაბეჯითებით ამტკიცებს - მთავრობის წევრები C ვიტამინს იშხაპუნებენო, ხოლო “მეორე ხელით” აცხადებს, რომ იმუნიზაცია მთავარი, ხოლო ვაქცინა პანაცეა არ არის. ვაქცინის მსურველებს აცრაში დარწმუნება არ გვჭირდება, მათ სჭირდებათ, ვისაც ვაქცინის არ სჯერა, ან ნაკლებად სჯერა და ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას აუცილებლად ანტივაქსერული მიზნებისთვის გამოიყენებს.

ეკატერინე ტიკარაძემ ისიც "დაგვაყვედრა", ანტივაქსერი რომ ვყოფილიყავი, ოთხი საუკეთესო ვაქცინა არ გვექნებოდა ქვეყანაშიო. გვახსოვს განცხადებები, საქართველოს ვითომდა ერთერთ პირველს რომ უნდა მიეღო ვაქცინა, თუმცა, რეალობა განსხვავებული გამოდგა - მარტ-აპრილის პერიოდში მხოლოდ 43 000 ადამიანის ასაცრელი ასტრაზენეკა და 14 000 ადამიანის სამყოფი ფაიზერი მივიღეთ. იმის მიუხედავად, რომ გვარწმუნებდნენ, ჯანმოს ავტორიზაციამდე არც ერთ ვაქცინას არ შემოვიტანთ ქვეყანაშიო, მაისში 50-50 000 ადამიანის ასაცრელი ჩინური ვაქცინები - სინოფარმი და სინოვაკი მივიღეთ, სწორედ ამდენმა ადამიანმა მოახერხა აცრა - რეგისტრაციის საიტის "კიბერშეტევის" თანხლებით (ჩინურმა ვაქცინებმა მაის-ივნისში მიიღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია). 

მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში მხოლოდ ივლისის დასაწყისში დაიწყო - მილიონი დოზა სინოფარმით და მილიონი დოზა სინოვაკით, თვის მეორე ნახევარში ვაქცინაციის პროცესს ამერიკის ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა ფაიზერი დაემატა. ჯერ კიდევ არ ვიცით, კონკრეტულად როდის გვექნება ფაიზერისგან ნაყიდი მილიონი დოზა ვაქცინა (აქედან ქვეყანაში მხოლოდ 28 000 დოზა შემოვიდა).

P.S - ერთი თვის წინ პოლონეთში ვიყავი. 39-მილიონიან ქვეყანაში დღიურად 80-150 შემთხვევა დასტურდება და ერთეული გარდაცვალება. კორონავირუსის არსებობას მხოლოდ ერთი რამით ვგრძნობდი -  ყველა გაჩერებაზე ცნობილი ადამიანების პოსტერები იყო, სადაც საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ავტობუსები და ტრამვაი სავსე იყო ვაქცინაციის რეკლამებით და აცრის რამდენიმე საშუალების (სატელეფონო, ინტერნეტ-რეგისტრაციის, ცოცხალი რიგის) განმარტებებით. 

მაშინ, როცა ყველა ქვეყანაში მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და Covid-პასპორტები სავალდებულოდ შემოაქვთ, საქართველოში ვაქცინაციის მთავარი ლოზუნგი მხოლოდ ის არის, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, ხოლო ჯანდაცვის მინისტრის მთავარი სათქმელი ის, რომ თურმე იმუნიზაცია მთავარი არ არის.

კომენტარები