გიგი უგულავას საქმე

ტუღუში: ხელისუფლების ზეწოლა უშედეგოა, უგულავა გამარჯვებისთვის ბრძოლას გააგრძელებს

გიორგი ტუღუში

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ტუღუში სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლითაც გიგი უგულავა გაამტყუნეს.

"ქართული ოცნების ხელისუფლება აგრძელებს სასამართლო ხელისუფლების გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ჩვენ უკვე მეექვსე წელია, ამას ვუყურებთ. ხელისუფლებამ ამჯერად გიგი უგულავას წინააღმდეგ მაშინ გადაწყვიტა სასამართლო გადაწყვეტილებით მანიპულირება, როცა ის ვანი/ხონის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს და ყველაზე ძლიერი კანდიდატია. ხელისუფლება ასე ცდილობს ზეწოლის მოხდენას. ეს შედეგს ვერ გამოიღებს. გიგი უგულავა გააგრძელებს გამარჯვებისთვის ბრძოლას.

დროა, საქართველოში დასრულდეს ოპონენტების დევნა. ჩვენ უკვე გვაქვს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომელიც პირდაპირ ადასტურებს რომ ხელისუფლება პოლიტიკური მიზნებით იყენებს მართლმსაჯულებას. სასამართლომ დაადგინა რომ ეს ადამიანის უფლებების დარღვევა იყო. აქედან გამომდინარე, დროა ისტორიას დავუტოვოთ ასეთი ქცევა და პოლიტიკურ ოპონენტებს მივცეთ საქმიანობის საშუალება. “ - განაცხადა ტუღუშმა დღევანდელ ბრიფინგზე.

დღეს, საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და გიგი უგულავას დღევანდელი სასჯელი მოხდილად ჩაეთვლება.

გიგი უგულავას პროკურატურა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილ მერს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით წარდგენილი ბრალი (გაფლანგვა) ამავე კოდექსის 333-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

კომენტარები