ხანძარი სასტუმრო ლეოგრანდში

სასტუმრო Leogrand-ი გაზაფხულიდან Welmond-ის სახელით დაიწყებს ოპერირებას

booking.com

ბათუმში მდებარე სასტუმრო Leogrand-ის მფლობელი კომპანია "შპს მერსინ ტურიზმი" ობიექტს სახელს შეუცვლის, ამის შესახებ კომპანიის იურისტმა კახა წერეთელმა bpn-ს განუცხადა. Leogrand-ის ახალი სახელი Welmond იქნება.

"გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ყველა ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით, თუმცა „ლეოგრანდის“ ადმინისტრაციას და თანამშრომლებს სასტუმროში შესვლის და ზოგიერთი ოთახის მოწესრიგების შესაძლებლობა უკვე მიეცათ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ოთახი გამოძიების გამო კვლავ დალუქულად რჩება, ბიზნესს ხელი არ ეშლება. მენეჯმენტის ვარაუდით, სასტუმრო ფუნქციონირებას ზაფხულის სეზონამდე აუცილებლად აღადგენს. დიდი ალბათობით, ეს გაზაფხულზე მოხდება", - ამბობს წერეთელი.

მისივე თქმით, ის 500 თანამშრომელი, რომელიც საგამოძიებო პროცესების მიმდინარეობის და სასტუმროს ფუნქციონირების შეჩერების გამო, დროებით უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, სასტუმროში მუშაობას კვლავ აღდგებიან.

Leogrand-ში ხანძარი, რომელმაც 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა 2017 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათისთვის გაჩნდა. თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა. გარდაცვლილთა შორის 10 საქართველოს, 1 კი ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.

შსს-მ ხანძრის საქმეზე გამოძიების მუხლი შეცვალა. თავდაპირველად უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც შენობისთვის განზრახ ზიანის მიყენებას გულისხმობდა. მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამჟამად გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება. აღნიშნული მუხლისთვის მაქსიმალური სანქცია 6-წლიანი პატიმრობაა.

"მერსინ ტურიზმმა" Leogrand-ის მშენებლობაზე $40-მილიონიანი ინვესტიცია ჩადო. სასტუმროში 182 ნომერია, 100-მეტრიან შენობაში კავკასიაში ყველაზე დიდი ფართობის მქონე კაზინოც არის განთავსებული. კომპანიის მფლოებელები თურქეთის მოქალაქეები თოლგა ავგორენი და თილგან არიფაღაოღლუ არიან.

კომენტარები