ხანძარი სასტუმრო ლეოგრანდში

სასტუმრო Welmond: ოქტომბრის ბოლომდე ვართ სრულად დაჯავშნილები

booking.com

"მუშაობის შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს. ამ დროისთვის 100%-ით ვართ დაკავებული, ოქტომბრის ბოლომდე გვაქვს რეზერვაციები, ვაგრძელებთ ჩვეულებრივად მუშაობას,"- ამბობს Welmond-ის გენერალური მენეჯერის ასისტენტი მანუჩარ შერვაშიძე. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო Welmond-ს [ყოფილ ლეოგრანდს] 17 აგვისტოს 18:00-მდე აძლევს ბოლო ვადას შენობიდან გაიყვანოს ყველა ვიზიტორი და შეწყვიტოს ეკონომიკური საქმიანობა. უწყების ინფორმაციით, სასტუმრო სახანძრო უსაფრთხოების ეროვნულ კანონმდებლობასთან კრიტიკულ შეუსაბამობაშია, რაც ასობით ადამიანის სიცოცხლეს აყენებს რისკის ქვეშ.

"სპეციალისტებმა 2018 წელს სასტუმრო და სამორინე ველმონდში (ყოფილ ლეოგრანდში) სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს [დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი] სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა. სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციის შესაძლებლობას. გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი, სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა"- აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ამასთან, სპეციალისტების დასკვნით, კვლავ ვერ ხერხდება სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობისადმი დადგენილი ნორმების რეალიზება, რაც ხანძრის შემთხვევაში ცეცხლის სწრაფად გავრცელების საშიშროებას ქმნის. 

ბათუმში მდებარე სასტუმრო Leogrand-ში ხანძარი, რომელმაც 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა. გარდაცვლილთა შორის 10 საქართველოს, 1 კი, ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა. გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება. აღნიშნული მუხლისთვის მაქსიმალური სანქცია 6-წლიანი პატიმრობაა.

"მერსინ ტურიზმმა" Leogrand-ის მშენებლობაზე $40-მილიონიანი ინვესტიცია ჩადო. სასტუმროში 182 ნომერია, 100-მეტრიან შენობაში კავკასიაში ყველაზე დიდი ფართობის მქონე კაზინოც არის განთავსებული. კომპანიის მფლოებელები თურქეთის მოქალაქეები თოლგა ავგორენი და თილგან არიფაღაოღლუ არიან. ხანძრის შემდეგ, სასტუმროს ადმინისტრაციამ "ლეოგრანდს" სახელი შეუცვალა და "ველმონდი" დაარქვა.

კომენტარები