დონალდ ტრამპი

ტრამპი ფლორიდის სკოლაში სროლაზე: იარაღი რომ არ მქონოდა სკოლაში მაინც შევირბენდი

cnbc.com

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში 39 შტატის გუბერნატორს შეხვდა და ფლორიდაში, პარკლანდის სკოლაში სროლაზე გააკეთა კომენტარი.

ტრამპმა სროლისას სკოლის გარეთ მყოფი ოფიცრები გააკრიტიკა, მათ ქმედებებს სამარცხვინო უწოდა და თქვა, რომ ისინი "ღირსების მედალს ნამდვილად არ იმსახურებენ". მისი თქმით სჯერა, რომ შემთხვევის დროს სკოლის მახლობლად რომ ყოფილიყო, იარაღი რომც არ ჰქონოდა, შენობაში მაინც შეირბენდა და შეხვედრაზე მყოფი გუბერნატორებიც მსგავსად მოიქცეოდნენ.

სროლისას სკოლის გარეთ სკოლის შეიარაღებული თანამშრომელი, სკოტ პიტერსონი იმყოფებოდა, რომელიც შენობაში არ შევიდა. ტრამპმა პიტერსონს ლაჩარი უწოდა და თქვა, რომ მას ბავშვები არ უყვარს და სავარაუდოდ არ იცნობს მათ. პიტერსონი თანამდებობიდან გადადგა. მან განმარტებით წერილში აღნიშნა, რომ სკოლაში არ შევიდა, რადგან ეგონა, რომ სროლის ხმა გარედან მოდიოდა.

გამოძიება მიმდინარეობს კიდევ სამი ადამიანის, მათ შორის შერიფის მოადგილის წინააღმდეგ, რომლებიც შეიარაღებულები სკოლის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, თუმცა შენობაში არ შევიდნენ.

შეგახსენებთ, რომ გადარჩენილ მოსწავლეებთან შეხვედრისას ტრამპმა მასწავლებლების შეიარაღების ინიციატივა წამოაყენა. მისი აზრით მასწავლებლებისათვის იარაღის მიცემა სკოლაში სროლის საშიშროებას შეამცირებს და მსგავს შემთხვევაში შეიარაღებული თანამშრომელი სწრაფ რეაგირებას მოახერხებს.

"რომ გყოლოდათ მასწავლებელი, რომელიც გაწაფულია ცეცხლსასროლ იარაღში, ის ძალიან სწრაფად დაასრულებდა თავდასხმას."

ტრამპის თქმით მასწავლებლებმა იარაღი დაფარულად უნდა ატარონ და სპეციალური მომზადება გაიარონ, რადგან იარაღისგან თავისუფალი ზონა "მანიაკებისათვის" თავდასხმის საშუალებას ნიშნავს.

ტრამპმა იარაღის მყიდველთა მონაცემების გადამოწმების გაუმჯობესებაზეც ისაუბრა.

"ჩვენ ძალიან მკაცრები ვიქნებით მონაცემების შემოწმებისას, ძალიან ძლიერი აქცენტით ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.""ეს არ იქნება მხოლოდ ცარიელი სიტყვები, როგორც წარსულში." თქვა მან.

ტრამპმა იმ მოწყობილობის აკრძალვის ბრძანებაც გასცა, რომელიც გასულ წელს სტივენ პედოკმა ლას ვეგასში მუსიკალურ ფესტივალზე მოწყობილი თავდასხმისას გამოიყენა.

კომენტარები