ვიზალიბერალიზაცია

შსს: დავაყენეთ საკითხი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის აღიარების თაობაზე

ნინო ჯავახაძე
ეკონომიკის სამინისტრო

შსს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ გერმანელ და ავსტრიელ კოლეგებთან ერთად თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა და დანაშაულის მაჩვენებელი განიხილა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ცვლილებებსა და გარკვეული პროცედურების გართულებას გეგმავს ამ მიმართულებით. 

"მაჩვენებლებში გვაქვს გარკვეული ზრდა, თუმცა ეს საგანგაშო არ არის. ჩვენს კოლეგებს გავაცანით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები, იქნება ეს გვარის შეცვლის პროცედურის გართულება, რომელიც უკვე ინიცირებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ, თუ საინფორმაციო კამპანია, რომელიც უკვე დავიწყეთ. ასევე, ჩვენს გერმანელ კოლეგებთან დავაყენეთ საკითხი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის აღიარების თაობაზე, რომელიც ავსტრიას უკვე გახორციელებული აქვს. ვინაიდან ასეთი სტატუსი მნიშვნელოვნად ამცირებს თავშესაფრის მაძიებლების განაცხადების განხილვის ვადას, რაც ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია,"- განაცხადა ჯავახაძემ.

შსს-ს მოადგილის თქმით, ევროპელ კოლეგებთან "ევროპოლში" სამომავლო ვიზიტსა და ინფორმაციის ინტენსიურ გაცვლაზეც ისაუბრეს.

"ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მიერ  მოხდება შესაბამისი მემორანდუმების ხელისმოწერა, რის შემდეგაც ჩვენ უკვე შევძლებთ „ევროპოლში“ გავაგზავნოთ ჩვენი მეკავშირე ოფიცერი, ასევე ინფორმაცია გავცვალოთ ოპერატიულად „ევროპოლის“ უსაფრთხო არხების მეშვეობით. ზოგადად, ჩვენს კოლეგებთან შევთანხმდით, რომ მოხდება ოპერატიული ინფორმაციის უფრო ინტენსიური გაცვლა. დადებითად შეფასდა პოლიციის ატაშეების როლი, როგორც ავსტრიაში ისე გერმანიაში და ამ მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს პოლიციის ატაშე სხვა ქვეყნებშიც მიავლინოს, ვინაიდან ეს ინსტიტუტი როგორც ჩანს ძალიან პოზიტიურია და ძალიან პროდუქტიულად მოქმედებს,"- თქვა ნინო ჯავახაძემ.

აქვე შეგახსენებთ, რომ გერმანიის მხარის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მინისტრთა კაბინეტის წევრი იოაჰიმ შტამპი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გადახედვას ითხოვს.შტამპის განცხადებით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შემდგომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველთა ლტოლვილად დარჩენის შემთხვევები. შტამპი წარმოშობით ქართველთა კრიმინალურ საქმიანობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ დანაშაულთა რაოდენობა გაზრდილია. 

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, უვიზო რეჟიმის დარღვევის გამო გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქეს დაატოვებინეს ქვეყნის ტერიტორია. გარდა ამისა, კვიპროსში საქართველოს 8 მოქალაქე სათანადო დოკუმენტაციის გამო არ შეუშვეს. 

კომენტარები