ვიზალიბერალიზაცია

სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო

   
   

ევროკომისიამ საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც დიპლომატიურ, სამსახურებრივ და ოფიციალურ პასპორტებს ფლობენ, ვიზების შეჩერების ახალი მექანიზმის საფუძველზე უვიზო რეჟიმის შეჩერების პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა 21 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალი ზომები უზრუნველყოფს, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა ყველა წევრმა ქვეყანამ ერთიანად შეუჩეროს. 

"ვიზალიბერალიზაცია მიზნად ისახავს ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერებას და საერთო ღირებულებების ხელშეწყობას, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემას. კომისიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები აზიანებს იმ პრინციპებს, რომლებზეც ვიზალიბერალიზაციაა დაფუძნებული. ეს ქმედებები შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან და აფერხებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა სახის კავშირების სტაბილურ განვითარებას. ამ ეტაპზე, როგორც პირველი ნაბიჯი, კომისიამ თავისი შეფასება გადაუგზავნა ევროპარლამენტსა და საბჭოს. მიღების შემდეგ ეს ზომები უზრუნველყოფს, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება ყველა წევრ ქვეყანაში ერთიანად მიიღება.” - განაცხადა ლამერტმა.

ევროკომისიის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ჩვეულებრივი ბიომეტრიული პასპორტით მოგზაურ პირებს ვიზების შეჩერების მექანიზმი ჯერჯერობით, არ ეხებათ. ეს მოიცავს დიპლომატიური პასპორტის იმ მფლობელებსაც, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ჩვეულებრივი პასპორტით მოგზაურობენ.

მარკუს ლამერტმა ასევე ისაუბრა მთელი მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობაზე. მან განმარტა, რომ ვიზების შეჩერების პირველი ეტაპი ეხება მხოლოდ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.

"ვიზების შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, რომლის შეფასება მოხდა და ძალაში შევიდა გასული წლის ბოლოს, შესაძლებელია ორეტაპიანი მიდგომა. პირველი ეტაპი ეხება სწორედ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს. არსებობს შესაძლებლობა, რომ თუ მომავალში გაგრძელდება უკუსვლა, ზომები გავრცელდეს მთლიან მოსახლეობაზეც, თუმცა ეს ავტომატური პროცესი არ არის.“ - თქვა პრესსპიკერმა და აღნიშნა, რომ ვიზების შეჩერების მექანიზმი ეყრდნობა ახალ, განსხვავებულ სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს რომ “ზომები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ერთიანად და ერთნაირად იქნება გამოყენებული.”

"გასულ წელს მიღებული ზომები განსხვავებულ სამართლებრივ ბაზას ეყრდნობოდა. ახალი სამართლებრივი საფუძვლის უპირატესობა ის არის, რომ უფრო მოქნილი და საგრძნობლად უფრო სწრაფია. სწორედ ამიტომ შეგვიძლია მისი გამოყენება ამ შემთხვევაში. აქ ზომების ფოკუსი თავად პასპორტებზეა და არა კონკრეტულ პირებზე, საუბარია პასპორტის მფლობელებზე. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ზომები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ერთიანად და ერთნაირად იქნება გამოყენებული. ადრე ეს უფრო რეკომენდაციის ხასიათს ატარებდა, ახლა კი შესაძლებელია ერთიანი გამოყენების უზრუნველყოფა.“ - თქვა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმი გასული წლის 27 იანვარს შეაჩერა, თუმცა, რატიფიცირება EU-ს ყველა ქვეყანას არ მოუხდენია.

კომენტარები