სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის და ქურდობის ბრალდებით, თბილისში ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1972 წელს დაბადებულმა ზ.გ-მ მიმდინარე წლის 18 თებერვალს თბილისში, ლერი ლაგურაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - 1960 წელს დაბადებულ გ.ჩ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
"ამის შემდეგ ზ.გ.-მ სახლიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს შსს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 177-ე მუხლებით. დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





