მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე

საქალაქო სასამართლომ ჩაბუქი 1 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

cyc.ge

საქალაქო სასამართლომ დღეს გამართულ სხდომაზე დაცვის მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და პატიმრობის სანაცვლოდ, ჩაბუქს 1 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა კი, საექსტრადიციო პატიმრობის 10 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა. 

აღსანიშნავია, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებიდან 9 თვე 24 თებერვალს სრულდებოდა.

საქალაქო სასამართლო მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხზე მსჯელობს. გადაწყვეტილება, შესაძლოა, დღეს გამოქვეყნდეს. 

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. თურქეთი მის ექსტრადირებას ითხოვს, ბრალდებული კი - საქართველოსგან ლტოლვილის სტატუსს.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე უარი იმ მიზეზით უთხრა, რომ თურქეთის ციხეებში ვითარება გაუმჯობესებულია. მინისტრ სოზარ სუბარის თქმით, ჩაბუქი თურქეთის საპყრობილეში წამებას არ დაექვემდებარება. მისივე განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ მიიღო დიპლომატიური გარანტიები, რომ ჩაბუქს ევროპული სტანდარტების მქონე საპყრობილეში მოათავსებენ.

მუსტაფა ემრე ჩაბუქმა სამინისტროს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. უარის მიღების შემდეგ კი, სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ჩაბუქის ადვოკატი, ვახტან კვიჟინაძე ამბობდა, რომ ქართული სასამართლოებისგან უარის მიღების შემთხვევაში, დავას ევროსასამართლოში გააგრძელებდა.

საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ემრე ჩაბუქის დაცვას ცდილობენ და აცხადებენ, რომ საქართველო ვალდებულია, ის თურქეთს არ გადასცეს. მათ რამდენიმე დღის წინ განცხადებაც გაავრცელეს და პრეზიდენტს მიმართეს, გამონაკლისის სახით ჩაბუქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს.

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ თურქეთის ე.წ სამხედრო გადატრიალების მცდელობის და საგანგებოო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ციხეებში პატიმრების უფლებები მასობრივად ირღვევა. Human Rights Watch-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთის პოლიცია ხშირად მიმართავს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფას, ემუქრება პატიმრებს გაუპატიურებით, საათების განმავლობაში აიძულებს მუხლებზე დაჩოქილი ყოფნას, ამყოფებს წყლის, საკვებისა და ძილის გარეშე. თურქეთის ციხეებში მძიმე ვითარებაზე საუბრობს Amnesty International-იც 2016-2017 წლის ანგარიშში. 

ემრე ჩაბუქის დაპატიმრება თურქულმა მხარემ ტერორისტულ ორგანიზაცია ფეტოსთან სავარ​აუდო კავშირის გამო მოითხოვა. თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მოწყობაში სწორედ ფეტოს და მის ლიდერს, ფეტულა გიულენს ადანაშაულებს. 

თუმცა, ჩაბუქის ადვოკატების მტკიცებით, საქმის მასალებში, რომელიც თურქული მხარისგან მიიღეს, არ დასტურდება ჩაბუქის რაიმე კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ოჯახის წევრები ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. 

მუსტაფა ჩაბუქი დემირელის სკოლის პარტნიორთა საბჭოს წევრია. ის 15 წელია საქართველოში ცხოვრობს და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა.

წაიკითხეთ ამავე თემაზე: - ემრე ჩაბუქის საქმის არაკონსტიტუციური გარემოებები

კომენტარები