მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე

წულუკიანი : ჩაბუქი ციხის გარეთ დაელოდება ექსტრადიციაზე საბოლოო გადაწყვეტილებას

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ექსტრადიციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას "უბრალოდ ციხის გარეთ დაელოდება."

"ის, უბრალოდ, ციხის გარეთ დაელოდება ექსტრადიციის სასამართლო პროცედურების დასრულებას და მე, როგორც ექსტრადიციის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები პირი, როგორც ადრე აღვნიშნე, ველოდები სასამართლო პროცედურის დასრულებას. ხოლო რაც შეეხება, გუშინდელ გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება პატიმრობის შეცვლას გირაოთი, ვფიქრობ, რომ გირაოს თანხის ნაწილში არსებობს რისკი. ალბათ, გასაანალიზებელი იქნება ჩვენი მხრიდან ხომ არ უნდა გასაჩივრდეს გირაოს თანხის ნაწილში გუშინდელი გადაწყევტილება,"- თქვა წულუკიანმა.

საქალაქო სასამართლომ 19 თებერვალს გამართულ სხდომაზე დაცვის მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და პატიმრობის სანაცვლოდ, ჩაბუქს 1 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა კი, საექსტრადიციო პატიმრობის 10 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა. ცნობისთვის,ჩაბუქი ექსტრადიციის გადაწყვეტილების ვადის ამოწურვამდე 4 დღით ადრე გაათავისუფლეს.

საქალაქო სასამართლო მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხის განხილვას აგრძელებს. 

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. თურქეთი მის ექსტრადირებას ითხოვს, ბრალდებული კი - საქართველოსგან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას.

კომენტარები