საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

ზვიადაძე: აკადემიაში არიან სასულიერო მეცნიერები, ვის წარმოუდგენია რომ ძალადობა იყოს

მამა გიორგი ზვიადაძე
დავით კახაბერი / ტაბულა

სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ყოფილი კურსდამთავრებულების ბრალდებებს პასუხობს. ზვიადაძე ყოფილი სტუდენტების ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს აკადემიაში და დარწმუნდეს, აქვს თუ არა ადგილი რაიმე ძალადობას

კურსდამთავრებულები ზვიადაძეს ძალაუფლების ბოროტ გამოყენებაში, სტუდენტების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში, ჩაწყობებში, შანტაჟსა და დაშინებაში ადანაშაულებენ.

"სიმართლეში გარკვევა არის მარტივი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს აკადემიაში და დარწმუნდეს, აქვს თუ არა ადგილი რაიმე ძალადობას. რა თქმა უნდა, ინფორმაცია არასწორია. სასულიერო აკადემიაში, რომელშიც მოღვაწეობენ სასულიერო მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები, ვის წარმოუდგენია, რომ რაიმე სახის ძალადობა იყოს?! სასულიერო აკადემია უშუალოდ პატრიარქის მეთვალყურეობის ქვეშ არის, მე არ შემიძლია ვისაუბრო თუ რაში სჭირდებათ ეს განცხადებები. მე შემიძლია ვისაუბრო თუ რა არის სიმართლე და რა არა. წარმოუდგენელია, რომ აკადემიაში რაიმე ძალადობას ჰქონდეს ადგილი. პირიქით, სამეცნიერო საბჭოს მთელი პედკოლექტივის და სტუდენტების უდიდესი მცდელობაა, რომ რაც შეიძლება მაღალი სულიერების და ცოდნის მიღების საშუალება იყოს აკადემიაში. მე არ შემიძლია რომელიმე ადამიანს გული ვატკინო, არ შემიძლია ვისაუბრო თუ ვის რა მიზანი აქვს. მხოლოდ გეტყვით, რომ სასულიერო აკადემიას აქვს თავისი მიზნები და ამოცანები და ამას წარმატებით ასრულებს." - ამბობს ზვიადაძე. 

ყოფილი სტუდენტების ბრალდებებს სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოც გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ და განცხადება გაავრცელა. სასულიერო აკადემია და სემინარია გამოთქმულ ბრალდებებს ცილისწამებად აფასებს. 

კომენტარები