ევროპული საქართველო

ბოკერია: სააკაშვილის ფიგურის გარშემო, პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანება არ გამოვა

გიგა ბოკერია
ტაბულა

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანება მიხეილ სააკაშვილის ფიგურის გარშემო ვერ მოხდება.

გიგა ბოკერიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც მან პროდასავლურ ოპოზიციასთან თანამშრომლობა არ გამორიცხა.

ბოკერია საუბრობს ექსპრეზიდენტის მხრიდან "ევროპული საქართველოს" მიმართ ბრალდებებზეც.

"დეგრადირებული ლიდერის ურთიერთგამომრიცხავი აზრების ფრქვევა იყო ის, რაც გუშინ მოვისმინეთ. ერთის მხრივ მოგვიწოდებს, რომ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, მეორეს მხრივ ამბობს, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, რადგან არჩევნებით ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელია. ეს გზავნილი სხვათაშორის ძალიან აწყობს სწორედ ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, რომ უიმედობამ დაისადგუროს ამომრჩეველში. თან ლაპარაკობს ერთიანობაზე, ამავე დროს აგრძელებს ბინძურ ცილისწამებას ქართული ოცნების და ასავალ-დასავალის სტილში ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. თან ამბობს, რომ თუ მას დააპატიმრებენ და ქართულ ციხეში აღმოჩნდება, რაც დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება, ეს გამოიწვევს ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას. ანუ, გამოდის, რომ ქართული საზოგადოება და ქართველი ხალხი 5 წელზე მეტია იტანს ქვეყნის ნგრევას ქართული ოცნების მცრიდან და ვერ აიტანს მის დაკავებას. ეს აჩვენებს იმას, როგორი დამოკიდებულება აქვს საკუთარი პერსონის და ქვეყნის მიმართ. ფაქტობრივად, გამოდის, რომ შეუძლია ამ ყველაფრის დასრულება და არ ასრულებს. რაც შეეხება პროდასავლური ოპოზიციის თანამშრომლობას საარჩევნო კონტექსტში და ზოგადად, ეს, ჩემი აზრით საჭიროა, აუცილებელიც კი არის, მაგრამ ეს თანამშრომლობა და რაიმე სახის გაერთიანება სააკაშვილის ფიგურის გარშემო ვერ მოხდება, რაც დადასტურდა მისი გუშინდელი ინტერვიუთი", - ამბობს ბოკერია.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ პარტიამ პრორუსული ძალების გარდა, ოპოზიციასთან უნდა ითანამშრომლოს. მან არ გამორიცხა თანამშრომლობა "ევროპულ საქართველოსთანაც" და აღნიშნა, რომ პარტიის ნაწილმა პირდაპირ აიღო ფული, თუმცა უმეტესობას ეს არ ეხება და არის ბევრი ადამიანი, ვინს მიყიდული არ არის.

"იქ იყო გარიგებაც, ფულიც, სიხარბეც, ბოღმაც და ყველაფერი ერთად. საერთოდ ეჭვია არ მეპარება რომ ასე არ იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ არ არის კარგი ხალხი. იმ ხალხს უნდა მაქსიმალურად ხელის შეწყობა - ერთიან გაერთიანებაში მათი შემოყვანა მომავალში. ჩვენ ერთად უნდა მოვახერხოთ ივანიშვილის ჩამოშორება", - თქვა სააკაშვილმა, თუმცა არ დაასახელა კონკრეტულად ვის ადანაშაულებს ივანიშვილიტან გარიგებაში.

კომენტარები