ნარკოპოლიტიკა

გახარია: ნარკომომხმარებლების მიმართ სახელმწიფოს ჰუმანური მიდგომა სახეზეა

შსს

ნარკომომხმარებლების მიმართ სახელმწიფოს ჰუმანური მიდგომა სახეზეა - ასე შინაგან საქმეთა მინისტრი პრეზიდენტის გუშინდელ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, არაძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება.

პრეზიდენტის ინიციატივით, ნარკოტიკულ, ასევე ფინანსურ, ეკონომიკურ და სამოხელეო დანაშაულზე მსჯავრდებულ პირებს შეეძლებათ მიმართონ პრეზიდენტს, როგორც კი დასრულდება საქმის განხილვა სამივე სასამართლო ინსტანციაში, ან გავა ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ვადა. 

გიორგი გახარია ამბობს, რომ შსს გამსაღებლების მიმართ შეწყალების წესის გაჰუმანურების კატეგორიულად წინააღმდეგი იქნება, ნარკომომხმარებლების მიმართ კი  "მსჯავრის გამოტანა ფაქტობრივად აღარ ხდება". 

"ჩვენ გვაქვს გეგმა და კონკრეტული შეთავაზება საკანონმდებლო ცვლილებით ნარკომოხმარების მიმართულებებში, კანონმდებლობა როგორ გახდეს უფრო ჰუმანური და აქ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ეხება ნარკორეალიზატორებს, ჩვენ ვიქნებით კატეგორიულად წინააღმდეგი, რამეთუ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ჰუმანურობა არ უნდა გახდეს რისკის შემცველი წახალისების მიმართულებით. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თუ საქმე ეხება ნარკომომხმარებელს, ჩვენ აქ უკვე ვდგამთ ნაბიჯებს წინ და ჰუმანური მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან სახეზეა. თქვენ თუ შეხედავთ სტატისტიკას, ნახავთ, რომ ამ მიმართულებით მსჯავრის გამოტანა აღარ ხდება ფაქტობრივად, ხოლო თუ საქმე ეხება გამსაღებლებს, ჩვენ ვიქნებით კატეგორიულად წინააღმდეგები", - ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი. 

კომენტარები