პოლონეთი

პოლონეთი პოლონელებისათვის ჰოლოკოსტში თანამონაწილეობის დაბრალებას კრძალავს

Getty Images

პოლონეთის სენატმა მიიღო კანონი, რომელიც პოლონელებისათვის ჰოლოკოსტში თანამონაწილეობის დაბრალებას არალეგალურს ხდის.

კანონი ასევე კრძალავს ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკებისათვის პოლონურის წოდებას.

სასჯელად ჯარიმა ან მაქსიმუმ სამი წლით პატიმრობა განისაზღვრება.

იმისათვის, რომ ძალაში შევიდეს, კანონს ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

კანონს ისრაელის მხრიდან უარყოფითი შეფასება მოჰყვა. მათ პოლონეთი ისტორიის შეცვლის მცდელობაში დაადანაშაულეს.

"მე ვეწინააღმდეგები ამას. არავის შეუძლია ისტორიის შეცვლა და ჰოლოკოსტის უარყოფა." თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის განათლების და დიასპორის მინისტრის თქმით ისტორიული ფაქტია, რომ საკონცენტრაციო ბანაკებს ნაცისტები აგებდნენ და მართავდნენ. "ეს სიმართლეა და ამას ვერცერთი კანონი ვერ შეცვლის, თუმცა ისტორიული ფაქტია ისიც, რომ ბევრი პოლონელი უწყობდა ხელს ებრაელების მკვლელობას, ასმენდა, ამცირებდა და ხოცავდა კიდეც მათ ჰოლოკოსტის დროს." მან კანონს ისტორიის სამარცხვინო უარყოფა უწოდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთის მთავრობას კანონის გადახედვისაკენ მოუწოდა, რადგან მათი თქმით ამან შესაძლოა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება შეზღუდოს.

პოლონეთის მთავრობის თქმით კანონი სიტყვის თავისუფლების და ჰოლოკოსტის საკითხზე განხილვის და კვლევის შეზღუდვას არ ისახავს მიზნად და მხოლოდ საზღვარგარეთ ქვეყნის სახელის დაცვას ემსახურება.

კომენტარები