ჭერის ჩამონგრევა ვარკეთილის მეტროში

"ყველა დამნაშავე აგებს პასუხს" - კალაძე მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრში" მივიდა

თბილისის მერია

თბილისის მერი კახა კალაძე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრში“ იმყოფებოდა. მისი თქმით, მომდევნო დღეებში მეტროსადგურებში არსებულ უსაფრთხოების ნორმებს შეისწავლიან.

„მომდევნო დღეების განმავლობაში, როგორც ამ კონკრეტული მეტროსადგურის, ასევე, მეტროსადგურ "ვარკეთილის“ შესწავლა მოხდება, რათა ყველანაირი საფრთხე თავიდან ავიცილოთ. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მეტროსადგურების განახლება, რაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნულ პროცესში სამშენებლო უსაფრთხოების დაცვას ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა“, - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით, კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხი გამოძიების დასრულების შემდეგ გამოიკვეთება.

"ყველა დამნაშავე აგებს პასუხს, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. რაც შეეხება იმ კომპანიას, რომელმაც მეტროსადგურ "ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ჩაატარა, ტენდერის დროს "შავ სიაში“ არ იმყოფებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომატურად დაიბლოკებოდა და სისტემა ამის საშუალებას არ მისცემდა. კომპანია „შავ სიაში“ 2015 წელს იყო, თუმცა ერთწლიანი დისკვალიფიკაცია 2016 წელს დაუმთავრდა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, გუშინ დილით მეტროსადგურ "ვარკეთილში“ ე.წ შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მათ ნაწილს ტვინის შერყევა აქვს, ნაწილს კი - კიდურების მოტეხილობა.

მეტროსადგურს რეაბილიტაცია ხუთი თვის წინ ჩაუტარდა.

კომენტარები