ჭერის ჩამონგრევა ვარკეთილის მეტროში

TTC: დაშავებულთა დამატებით მკურნალობას, ხარჯების წარდგენის შემდეგ მერია აანაზღაურებს

ტაბულა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, ვარკეთილის მეტროში, ჭერის ნგრევისას დაშავებულების პირველადი მკურნალობის ხარჯები სრულად ანაზღაურდა. კომპანიის განმარტებით, დამატებითი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში ხარჯებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ თბილისის მერია დაფარავს. 

"30 იანვარს, მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად, 14 ადამიანი დაზარალდა, რომელთაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

მათი პირველადი მკურნალობის ხარჯები სრულად ანაზღაურდა, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ასევე, თბილისის მერიის მიერ. როგორც არაერთხელ აღინიშნა, დაზარალებულთა დამატებითი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, ხარჯებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, თბილისის მერია დაფარავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეტროში ჭერის ჩამონგრევისას დაზარალებული ონლაინსესხით მკურნალობს.

კომენტარები