ჭერის ჩამონგრევა ვარკეთილის მეტროში

ნარმანია: როგორც მერი, გარკვეულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ჩემს თავზეც ვიღებ

დავით ნარმანია
თბილისის მერია

"დასასჯელი აუცილებლად უნდა დაისჯოს, თან ძალიან მკაცრად. რომ სხვებმა მერე ჭკუა ისწავლონ" - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ მეტროსადგურ ვარკეთილის ჭერის ჩამონგრევასთან დაკავშირებით, "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" ისაუბრა.

"ჯერ ჩვენ არ ვიცით, საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზით იყო ეს გამოწვეული თუ მშენებლობის პროცესში არსებული ხარვეზით და დაუდევრობით. ამ ყველაფერს გამოძიებამ უნდა გასცეს საბოლო პასუხი. მეც იგივე საერთო სულისკეთება მაქვს, რაც ყველას - დასასჯელი აუცილებლად უნდა დაისჯოს, თან ძალიან მკაცრად. რომ სხვებმა მერე ჭკუა ისწავლონ" - თქვა ნარმანიამ და აღნიშნა, რომ სამშენებლო სექტორში არსებული კომპანიების ძალიან დიდ ნაწილს ან დაბალი კვალიფიკაცია აქვს ან არასათანადოდ ასრულებს საქმეს.

"ჩვენც ხშირად გამოგვიყენებია ჯარიმის ფორმა ან არასრული ანაზღაურება...  მაგრამ ასეთი მძიმე დ რთული შემთხვევა არ ყოფილა, ამიტომ ესე შემთხვევა უნდა იქცეს მაგალითად ძალიან ბევრი კომპანიისთვის, ძალიან ბევრი თანამშრომლისთვის მათ შორის მერიის სისტემაშიც ან სატრანსპორტო კომპანიაში, ვინც ამგვარ საკითხებზეც არის პასუხისმგებელი" - განაცხადა ნარმანიამ.

თბილისის ყოფილი მერის თქმითვე, "მერიას აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მე, როგორც ქალაქის მერი, გარკვეულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ჩემს თავზეც ვიღებ - სხვა დანარჩენი - დაველოდოთ გამოძიებას".

ცნობისთვის, გუშინ დილით მეტროსადგურ "ვარკეთილში“ ე.წ შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მათ ნაწილს ტვინის შერყევა აქვს, ნაწილს კი - კიდურების მოტეხილობა.

მეტროსადგურს რეაბილიტაცია ხუთი თვის წინ ჩაუტარდა.

კომენტარები