საქართველოს პროკურატურა

POG: ჩვენს თანამშრომელს შეურაცხყოფა მოქალაქემ მიაყენა, ოჯახური კონფლიქტი არ ყოფილა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა უარყოფს ინფორმაციას, რომ წყნეთის ქუჩაზე პროკურორის სახლში ოჯახური კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, პროკურატურის თანამშრომელს მოქალაქემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"გენერალურ ინსპექციაში დაიწყო გამოძიება პროკურატურის თანამშრომლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო პროკურატურის თანამშრომლის შეტყობინება, რომ 23 იანვარს, ღამის საათებში, თბილისში, წყნეთის ქუჩის მიმდებარედ მოქალაქემ, რომელიც გადაადგილდებოდა ტაქსით, გზის ვიწრო მონაკვეთზე უპირატესი გავლის მოთხოვნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კუთვნილი ავტომანქანით მოძრავ პროკურატურის თანამშრომელს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოჩენის შემდეგ ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ მომხდარი არ უკავშირდება პროკურატურის თანამშრომლის პროფესიულ საქმიანობას, ამასთანავე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს" - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ გვიან ღამით, წყნეთის ქუჩაზე პოლიცია იყო მობილიზებული და მოქალაქეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. ვაკე-ბაგების საუბნო სამსახურის უფროსის თამარ მელიას თქმით, ოჯახური კონფლიქტის დროს მამაკაცებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და ერთ-ერთი მათგანი დაშავდა.

"შემოვიდა შეტყობინება, რომ გვიან ღამით მოხდა ოჯახური კონფლიქტი, რამაც გამოიწვია ხმაური და ჩხუბი. ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა, მაგრამ ამ დროისთვის სიწყნარეა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა თქვეს, რომ პაციენტმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა. როგორც გვითხრეს, ოჯახის ერთ-ერთი წევრი პროკურორია“, - განაცხადა თამარ მელიამ ინტერპრესნიუსის ცნობით და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ პირს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

კომენტარები