აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი, მაიკ პენსი ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვია.
პენსის თქმით მას და დონალდ ტრამპს სჯერათ, რომ აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება სამშვიდობო პროცესს ხელს შეუწყობს.
ვიცე პრეზიდენტის თქმით საელჩოს იერუსალიმში 2019 წლის ბოლომდე გადატანის გეგმის დეტალებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უახლოეს კვირებში გაასაჯაროებს.
"თეთრი სახლი რეგიონულ პარტნიორებთან მუშაობს მშვიდობის ჩარჩოების შესამუშავებლად. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როდის დაბრუნდებიან პალესტინელები მოლაპარაკებების მაგიდასთან." თქვა მან იერუსალიმში.
შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ოფიციალური აღიარების შემდეგ პალესტინის მხარემ სამშვიდობო მოლაპარაკებებში აშშ-ის შუამავლობაზე უარი თქვა.
პენსი ისრაელში ჩასვლამდე იორდანიას და ეგვიპტესაც ეწვია. მისი თქმით ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ისინი პალესტინელებს გადასცემდნენ, რომ აშშ მოწოდებულია სამშვიდობო მოლაპარაკებების აღსადგენად.
"ჩვენ გვინდა მათ [პალესტინელებმა] იცოდნენ, რომ კარი ღიაა. ჩვენ გვესმის, რომ ისინი უკმაყოფილოები არიან ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ პრეზიდენტს უნდოდა გადმომეცა ჩვენი სურვილი და მზაობა იმისა, რომ ვიყოთ სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი." თქვა მან.
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი გასული წლის დეკემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა სენატში საგადასახადო კანონის განხილვის გამო გადაიდო.
პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა და ეგვიპტის მუსლიმმა და კოპტმა ლიდერებმა მაიკ პენსთან დაგეგმილი შეხვედრები 6 დეკემბრის გადაწყვეტილების გამო გააუქმეს.