თბილისის საქალაქო სასამართლო

წიქარიშვილი და ბზიავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს, გამოძიება სსკ-ითაც დაიწყო

ipn

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან თეთრი ხმაურის მოძრაობის დამფუძნებელი ბექა წიქარიშვილი და რეჟისორი თორნიკე ბზიავა ადმინისტრაციული წესით, 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავეს.

თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის შუშის ჩატეხის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. შსს-ში ტაბულას განუმარტეს, რომ ამ გამოძიების ფარგლებში, შესაძლოა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების ბრალეულობაც გამოიკვეთოს.

ბექა წიქარიშვილი და თორნიკე ბზიავა დღეს, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მიმართ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ დააკავეს.

"ორმა პირმა დაარღვია წესრიგი, კერძოდ, სასამართლოს ეზოში გასვლის შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სასამართლოს, ხოლო მეორემ შენობის მიმართულებით ისროლა აგური, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა ცენტრალური შემოსასვლელის მინა. სასამართლო მანდატურის სამსახურმა აღკვეთა ქმედება და წესრიგის დაცვის მიზნით ორივე მათგანი დააკავა”, - აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით (0,3726 გრამი) ბუპრენორფინის პირადი მოხმარების მიზნით ფლობისათვის ჰქონდა წარდგენილი. მუხლი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.

გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს. მისი მტკიცებით, ნარკოტიკი პოლიციელებმა დასჯის მიზნით "ჩაუდეს". მის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაც გაიმართა.

დღეს ცნობილი გახდა ისიც, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები