ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო R2-ზე: ბოდიშის ნაცვლად მუქარა მითითებულ პრობლემას ადასტურებს

ევროპული საქართველო რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც 18 იანვრის 9-საათიან კურიერში, NDI-ს შესახებ მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით პარტიის განცხადებას ეხებოდა. 

საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით, ტელეკომპანიის პასუხიდან ჩანს, რომ ისინი არც ბოდიშის მოხდას აპირებენ და არც შეცდომის გამოსწორებას. 

"ჩვენი განცხადებისა და სამართლიანი კრიტიკის საპასუხოდ, მხოლოდ ბრალდებები და მუქარა მოვისმინეთ. ტყუილის გავრცელების კონკრეტული ტექნიკური დეტალების აღწერა ამ შემთხვევაში არაა არსებითი. მითუმეტეს თუ შეცდომით ასეთი დასკვნა გააკეთა სიუჟეტის ავტორმა, გაუგებარია რეიტინგის ასეთი კლების შესახებ თავად პარტიის წარმომადგენლებს რატომ არ ჰკითხა აზრი,"- წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მათივე თქმით, ტელეკომპანიის განცხადების ბოლო ნაწილი, სადაც ეწერა, რომ თანამშრომლობის გასაგრძელებლად პარტიას რუსთავი 2-ისთვის ბოდიში უნდა მოეხადა, მუქარაა. 

"მუქარა, რომ კრიტიკისთვის ბოდიშის არმოხდის შემთხვევაში, ტელეკომპანია ჩვენს პარტიასთან არ ითანამშრომლებს, მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს და ადასტურებს იმ პრობლემას, რაზეც ჩვენ მივუთითეთ. ასეთი მიდგომა დღეს სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებისთვისაა დამახასიათებელი ხოლო რუსთავი 2-ის რეპუტაციას დიდ ზიანს აყენებს. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის მიერ შემოთავაზებული ლოგიკა ხელისუფლების ლოგიკის იდენტურია - ქართული ოცნება ოპოზიციას სდებს ხოლმე ბრალს ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობაში როცა ჩვენ ივანიშვილის ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე ვაკრიტიკებთ,"- აცხადებს ევროპული საქართველო. 

პარტია, ასევე, რუსთავი 2-ის განცხადების იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო, რომ შესაძლოა, ხელისუფლებას ევროპული საქართველოს მიერ გამოთქმული კრიტიკა ტელეკომპანიის წინააღმდეგ გამოეყენებინა:

"ბრალდება თითქოს ჩვენი კრიტიკა ხელისუფლებას შესაძლოა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში არგუმენტად გამოსდგომოდა, აბსურდულია. რუსთავი 2-ს სრული უფლება აქვს ჰქონდეს პოლიტიკური სიმპათიები და სწორედ სარედაქციო პოლიტიკის დასაცავად იმოქმედა სტრასბურგის სასამართლომ. იმ შემთხვევაშიც როცა რუსთავი 2 ჟურნალისტურ სტანდარტებს არღვევს, მეპატრონეებისთვის მისი წართმევის უფლება არავის არ აქვს. ხელისუფლების მოტივაცია კი დღეს სატელევიზიო ბაზრის მთლიანად ხელში ჩაგდებაა. 
სამწუხაროა, რომ დღეს ხელისუფლების გავლენის მიღმა დარჩენილი ერთადერთი მსხვილი ტელეკომპანია არ უფრთხილდება მაყურებლის ნდობას და კრიტიკას ასეთი სპეკულაციებით პასუხობს".

დღეს, 19 იანვარს ტელეკომპანია რუსთავი 2 ევროპული საქართველოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. მათ აღიარეს, რომ 18 იანვრის 9-საათიან კურიერში შეცდომა დაუშვეს, თუმცა პარტიას განცხადების გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. 

ტელეკომპანიის მიერ ოფიციალური განცხადების გავრცელებამდე, რუსთავი 2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ Facebook-ზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: 

"პანდამ რო არ იკადრა, ის ქნეს - ნათლისღებას ჩამოკრეს :)) ყოჩაღ, სტრასბურგში გამოიყენოს იქნებ მთავრობამ რ2-ის წინააღმდეგ - მარტო ჩვენი ნარატივი არაა, აგერ საპარლამენტო უმცირესობაც იგივეს ამბობსო".

ევროპული საქართველოს განცხადებით, NDI-ის სოციოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებით 9-საათიან კურიერში გასულ სიუჟეტში საავტორო ტექსტი მცდარ ფაქტებს ეფუძნებოდა. პარტიის შეფასებით, ყალბი ინფორმაციის გავრცელება რუსთავი 2-ს ნდობას უკარგავს, რაც ქართული ოცნების ინტერესებშია.

“საავტორო ტექსტი - "შევადაროთ პარტიული რეიტინგები გასულ თვეებში ჩატარებულ არჩევნებს. სულ ოდნავ არის მომატებული ქართული ოცნების რეიტინგი, ძალიან მცირედით ნაციონალური მოძრაობის, ხოლო 12%-დან 4%-მდეა შემცირებული ევროპული საქართველოს მაჩვენებელი.”

ეს აშკარად მცდარი და ყალბი ინფორმაციის გავრცელებაა. თუ ავტორი დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს არჩევნების შედეგებს ადარებს, მაშინ გაუგებარია, როგორ გაიზარდა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის შედეგები. თუ წინასაარჩევნოდ ჩატარებულ კვლევებს გულისხმობდა, მაშინ, NDI-ის 2017 წლის აპრილის კვლევაში ჩვენი პარტია 2% -იან ზღვარს ქვემოთ იყო, ივნისის კვლევაში ევროპული საქართველოს მხარდაჭერას გამოკითხულთა 3% აპირებდა, არჩევნებზე კი, ჩვენმა პარტიამ 10.4% აიღო. იმავე კვლევაში კი, ქართულ ოცნებას 22% უჭერდა მხარს, მათ არჩევნებზე 55.81% მიიღეს, ნაციონალურ მოძრაობას, კვლევის მიხედვით, 7% უჭერდა მხარს, არჩევნებზე კი 17.04% მიიღეს" - აცხადებს ევროპული საქართველო.

პარტია აღნიშნავს, რომ რუსთავი 2-ს, როგორც კერძო ტელევიზიას, აქვს სრული უფლება, ჰქონდეს სარედაქციო სიმპათიები. ამასთან, ევროპული საქართველოს განცხადებით, ყველასთვის ნათელია, რომ დღეს ეს სიმპათია მიხეილ სააკაშვილის გუნდს ეკუთვნის.

"მაგრამ როდესაც ამ სიმპათიების გამო ხდება ყალბი ფაქტების გავრცელება, ეს არის მაყურებლის უპატივცემულობა და ჟურნალისტური სტანდარტების უხეში დარღვევა. იმ პირობებში, როცა ხელისუფლება განაგრძობს რუსთავი 2-ის დევნას, ეს ტელევიზია კი ქართული ოცნების გავლენის გარეთ დარჩენილი ერთადერთი მსხვილი არხია, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის არჩევანი მხოლოდ ხელისუფლებას აძლევს ხელს. ყალბი ინფორმაციის გავრცელება მათ მაყურებლის ნდობას უკარგავს, რაც ქართული ოცნების ინტერესშია" - ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 27% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 10% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 3% - ევროპულ საქართველოს. რაც შეეხება კითხვას, "რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს", 31% ასახელებს "ქართულ ოცნებას", 10% - ენმ-ს, 4% - ევროპულ საქართველოს, 3% - პატრიოტთა ალიანსს.

კომენტარები