ინციდენტი კლუბ ბასიანთან

ბასიანის დაცვისა და პოლიციელის დაჭრისთვის ბრალდებულ ქვლივიძეს პატიმრობა შეეფარდა

რუსთავი 2

კლუბ ბასიანის დაცვისა და პოლიციის თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

წინა სასამართლო სხდომა 5 მარტს გაიმართება.

თბილისში, კლუბ "ბასიანის" ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებული საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ 15 იანვარს გაათავისუფლა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლე ბადრი შონიამ ბრალდებულს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 13 იანვარს ბრალდებულმა თამაზ ქვლივიძემ თბილისში, კლუბ "ბასიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სამ პირს: ამავე კლუბის დაცვის უფროსს, კლუბის დაცვის თანამშრომელს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, ბრალდებული "ერთ-ერთი პრივილეგირებული ოჯახის შვილია". მისივე თქმით, მან დაცვის წევრები და პოლიციელები იმის გამო დაჭრა, რომ კლუბის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ორაშვილი Facebook-ში წერს, რომ "ახალგაზრდამ სისხლიანი პარასკევი ფეისკონტროლის სწორი გადაწყვეტილების გამო მოაწყო".

სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული თამაზ ქვლივიძე თბილისში დააკავეს. მას ბრალი წარედგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე (117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და განზრახ ნაკლებად მძიმე (118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაზიანებისთვის, აგრეთვე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის.

სსკ-ის 117-ე მუხლი სამიდან ექვს წლამდე, 118-ე მუხლი - ერთიდან სამ წლამდე, ხოლო 353-ე მუხლი - ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები