ზვიად რატიანის საქმე

ომბუდსმენი: ზვიად რატიანის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა

რუსთავი 2

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა. 

ომბუდსმენის განცხადებით, საქმის მასალების შესწავლისა და სასამართლო მონიტორინგის შედეგად აშკარაა, რომ დაკავებამდე ზვიად რატიანის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, დამკავებელი პოლიციელების ჩვენებების გარდა,  შსს-ის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს; ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე კი, მხოლოდ პოლიციელის ჩვენებაზე დაყრდნობით, პირის პასუხისგებაში მიცემა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და იწვევს მტკიცების ტვირთის სახელმწიფოდან მოქალაქეზე გადასვლას, რაც არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ასევე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ დაკავებისას პოლიციელებს არ ჰქონდათ ჩართული სამხრე კამერა, რაც სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს კანონის მოთხოვნაა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიციელთა მიერ ნეიტრალური მტკიცებულებების არმოპოვება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებისთვის დამახასიათებელი სისტემური პრობლემაა, რასთან დაკავშირებითაც აუცილებელია სწორი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად 29 დეკემბერს ცნო. მოსამართლე ქეთევან მინაშვილმა რატიანს 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ამასთან, მოსამართლის თქმით, რატიანს ადმინისტრაციული პატიმრობა "საახალწლო დღეების გამო" არ შეუფარდა.

რატიანი პოლიციელებმა 23 დეკემბერს დააკავეს და სცემეს. რატიანის თქმით, სამართალდამცველების გაღიზიანება მისმა ნარინჯისფერმა ქურთუკმა გამოიწვია. რატიანი ამბობს, რომ ის გააჩერეს, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენჯერმე სცემეს. 

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რატიანმა თავად გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას და მათ უცენზურო გამონათქვამებით მიმართა. გუშინ კი, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა მობილური ტელეფონით პოლიციელების მიერ გადაღებული არასრული ვიდეოჩანაწერი, სადაც რატიანის გინება ისმის. ამასთან, აღნიშნული ვიდეო მოსამართლემ მტკიცებულებად დაუშვა და საქმის მასალებს დაურთო.

ეს გადაწყვეტილება პოეტის დაცვის მხარისთვის მიუღებელია. ზვიად რატიანის ადვოკატი ამბობს, რომ ვიდეოზე არ ჩანს მისი გაჩერების და დაკავების მომენტი და არის ტელეფონით გადაღებული, რაც კანონდარღვევაა, ვინაიდან სამართალდამცველებს საპოლიციო კონტროლის დროს სამხრე კამერების ჩართვის ვალდებულება აქვთ.

კომენტარები