რუსეთი-აშშ

ლავროვი: აშშ მათი პარტნიორობის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა

Sputnik Абхазия

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ მსოფლიოს დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა და ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტი გააკრიტიკა.

ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ლავროვმა აშშ რუსეთისათვის დაწესებული ახალი სანქციების და ჩრდილოეთ კორეასა და ირანთან ურთიერთობების გამწვავების გამო გააკრიტიკა.

მან აშშ-ის მხრიდან ჩრდილოეთ კორეის მისამართით რეგულარული მუქარა დაგმო და განაცხადა, რომ ეს სიტუაციის დესტაბილიზაციას უწყობს ხელს.

"აშშ ძალიან ღიად აცხადებს, რომ სამხედრო დაპირისპირება გარდაუვალია, თუმცა ყველამ იცის თუ რა კატასტროფული შედეგები მოჰყვებ მსგავს უგუნურებას."

მან ასევე გააკრიტიკა აშშ-ის სამხედრო წვრთნები ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე. ლავროვის თქმით მაშინ, როდესაც სხვები ცდილობენ დიპლომატიური არხების საშუალებით აღადგინონ მოლაპარაკებები ფხენიანთან, აშშ მსგავსი ქმედებებით ვითარებას ძაბავს.

ლავროვმა აშშ ირანთან დაკავშირებითაც გააკრიტიკა. მან ტრამპი გააფრთხილა არ დატოვოს ბირთვული შეთანხმება. მისი თქმით აშშ-ის მუქარა შეთანხმების დატოვების თაობაზე მომავალში ჩრდილოეთ კორეასთან მსგავსი შეთანხმების მიღწევის შანსებს ამცირებს.

"სამწუხაროა, რომ აშშ კიდევ ერთხელ იძლევა მათი პარტნიორობის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს."

"თუ ირანს ეტყვიან, რომ შენ დარჩი შეთანხმების ჩარჩოებში და ჩვენ დავაბრუნებთ სანქციებს - ნუ, წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ჩრდილოეთ კორეის ადგილას. მათ ჰპირდებიან, რომ სანქციებს მოხსნიან თუ ისინი უარს იტყვიან ბირთვულ პროგრამაზე. იქნებ მათ გააკეთონ ეს მაგრამ სანქციები მაინც დარჩეს?" თქვა მან.

CNN-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, ნანობს თუ არა, რომ ტრამპი გახდა პრეზიდენტი და დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ერჩივნა თუ არა ჰილარი კლინტონის გამარჯვება ლავროვმა უპასუხა:

"ეს არ არის ის, რასაც დიპლომატები აკეთებენ - ვგულისხმობ მომხდარზე სინანულს. ჩვენ ვმუშაობთ ფაქტებთან და ფაქტები არის ის, რაც დღეს გვაქვს, ამიტომ ჩვენ უბრალოდ ვაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ არსებულ სიტუაციაში."

ლავროვის კრიტიკაზე აშშ-ის ოფიციალურ პირებს კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებიათ.

კომენტარები