საფრანგეთი-თურქეთი

მაკრონი: ამ ეტაპზე არ არსებობს შანსი, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრი გახდეს

EPA

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრისას თქვა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი შანსი იმისა, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრი გახდეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 

პარიზში გამართულ გაერთიანებულ შეხვედრაზე მაკრონმა განაცხადა, რომ მათ ადამიანის უფლებებზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ, რაშიც ის 2016 წლის თურქეთში ქვეყნის გადატრიალების მცდელობის შემდეგ ერდოღანის მიერ გატარებულ ღონისძიებებს გულისხმობდა, რომლის დროსაც 10 000 საჯარო მოხელე სამსახურიდან გათავისუფლდა, დააკავეს 37 000 ადამიანი, დაიხურა 15-ზე მეტი მედია და სიკვდილით დაისაჯა 170 ადამიანი. ამასთან, მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტების რექტორს აკადემიური საბჭოს ნაცვლად პრეზიდენტი ნიშნავს.

ერდოღანმა თავის მხრივ განაცხადა, რომ თურქეთი დაიღალა მუდმივი ვედრებით, რომ მიიღონ ევროკავშირში. 

BBC-ის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა კონფერენციაზე გააკრიტიკა ჟურნალისტი მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა მას 2015 წელს გაზეთ ჯუმჰურიეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დასვა კითხვა, რომლის მიხედვითაც, თურქეთმა სირიაში ჯარი გაგზავნა. 

ერდოღანმა ის გააკრიტიკა და უთხრა, რომ ისე ლაპარაკობს, როგორც ფეთჰულა გიულენის მოძრაობის წევრი. 

"როდესაც კითხვას სვამ, ფრთხილად უნდა იყო და ნუ ლაპარაკობ სხვისი სიტყვებით,"- მიმართა ერდოღანმა ჟურნალისტს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა მორჩეს თვალთმაქცობა, თითქოს არსებობს რაიმე პერსპექტივა თურქეთისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, თუმცა ამის მიუხედავად, მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ანკარასთან ურთიერთობის გაგრძელება. ორი ქვეყნის ლიდერი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობაზე შეთანხმდა. 

კომენტარები