მიხეილ სააკაშვილის საქმე

პროკურორი: შეწყალების უფლება არ ნიშნავს მის ისე გამოყენებას, როგორც მოისურვებენ

იმედი

"შეწყალების კონსტიტუციური უფლება აპრიორი არ ნიშნავს, რომ ეს უფლება გამოყენებული უნდა იყოს ვინმეს მიერ, როგორც მას მოესურვება" - ამის შესახებ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის მისჯაზე განაცხადა. მისი შეფასებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და ის სწორედ ამის საფუძველზე გასამართლდა.

"პრეზიდენტის განცხადების შეფასებისგან თავს შევიკავებ, თუმცა განვმარტავ, რომ არც კონსტიტუციით და არც სხვა კანონით, აბსოლუტური უფლება, როგორც ციტირებენ ამ ბოლო პერიოდში, რომ პრეზიდენტს ჰქონდა შეუზღუდავი უფლებამოსილება შეწყალების, ასეთი ცნება არ არსებობს კანონში. იმპერატიული მოთხოვნის დამდგენი ნორმა არის მაგალითად ის, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, ეს არის აბსოლუტური ნორმა და აბსოლუტური მოთხოვნა.რაც შეეხება შეწყალების უფლებას, დიახ, ეს არის დისკრეციული უფლებამოსილება, ექსკლუზიური უფლება პრეზიდენტის და მხოლოდ პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ ამგვარი უფლებამოსილება განახორციელოს, ეს ასეა კონსტიტუციით, მაგრამ მოდით გავმიჯნოთ, რა არის უფლებამოსილება და თუ რას ედავებოდა პროკურატურა საქართველოს ექსპრეზიდენტს. 

შეწყალების კონსტიტუციური უფლება აპრიორი არ ნიშნავს, რომ ეს უფლება გამოყენებული უნდა იყოს ვინმეს მიერ, როგორც მას მოესურვება - ეს პირველ რიგში ნიშნავს, რომ ამ უფლების და კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება უნდა მოხდეს კეთილსინდისიერად - არა ბოროტად გამოყენების ამის, არა ანგარებით, არა სხვისთვის უპირატესობის ან საკუთარი თავისთვის გამორჩენის მიღებისთვის, არა პოლიტიკური ნიუანსების გათვალისწინებით, არა დამნაშავეთა ხელის დაფარებისთვის, არა დანაშაულის გახსნის ხელის შეშლისთვის, არა მართლმსაჯულების სათანადოდ აღუსრულებლობისთვის. სწორედ ეს კომპლექსი, რაც მე ჩამოვთვალე, ერთობლივად განხორციელდა ამ შეწყალებით, რაც თავის დროზე დაადგინა სტრასბურგმა"- განაცხადა პროკურორმა იმედის ეთერში. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ეს პირველი განაჩენია, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საქართველოს სასამართლოებში გამოცხადდა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წარდგენილი. გამოძიების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებას დაპირდა. გამოძიების თანახმად, ექსპრეზიდენტმა შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, "რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის".

კომენტარები