მიხეილ სააკაშვილის საქმე

ბიბილაშვილი: მოსამართლე არევაძე არის დამნაშავე და პასუხს აგებს კანონის წინაშე

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერის ზაზა ბიბილაშვილის შეფასებით, მოსამართლე, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისთვის 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, დამნაშავეა და კანონის წინაშე პასუხს აგებს.

"დღეს საქართველოს შეემატა ახალი სისხლის სამართლის დამნაშავე, მე გესაუბრებით ე.წ. მოსამართლე გიორგი არევაძეზე. ამ ადამიანმა დღეს განაჩენი გამოუტანა არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ საკუთარ თავს. მან განაჩენი გამოუტანა მის დამკვეთებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, საქართველოს პროკურატურაში. მან განაჩენი გამოუტანა ყველას, ვინც მას დავალება მისცა შუშის სასახლეში, შეიძლება ითქვას მთლიანად რეჟიმს. მე, მთლიანად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გარანტიას ვაძლევთ ამ ადამიანს, ე.წ. მოსამართლე გიორგი არევაძეს, რომ ის აუცილებლად პასუხს აგებს იმაზე, რაც მან დღეს გააკეთა. კანონის სრული სიმკაცრით, კანონის წინაშე"- თქვა ბიბილაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2008 წელს სააკაშვილის მიერ მსჯავრდებულების შეწყალებას არავითარი შეხება აქვს გირგვლიანის საქმესთან.

"დღეს ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისთვის. არ დაუჯეროთ იმათ, ვინც გეუბნებათ, რომ თითქოს ეს არის გირგვლიანის საქმე. ეს არის ტყუილი, ეს არის სიცრუე, ეს არის პროკურატურის პროპაგანდა. სინამდვილეში, ეს არის შეწყალების საქმე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ საქმის ფარგლებში პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის ომის შემდეგ შეიწყალა 179 ყოფილი სამხედრო და ძალოვანი უწყების წარმომადგენელი პირი. მათ გაუნახევრდათ სასჯელი და ბევრი მათგანი ერთი წლის მერე, 6 თვის მერე ან გარკვეული ვადის შემდეგ გამოვიდა საპყრობილიდან. არაფერი საერთო ამ საქმეს გირგვლიანის საქმესთან არ ჰქონია და ვინც ამას გეუბნებათ, არის ან სახელისუფლებო მედია ან უშუალოდ მონაწილეობს ხელისუფლების პროპაგანდაში"- განაცხადა ბიბილაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ეს პირველი განაჩენია, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საქართველოს სასამართლოებში გამოცხადდა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წარდგენილი. გამოძიების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებას დაპირდა. გამოძიების თანახმად, ექსპრეზიდენტმა შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, "რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის".

კომენტარები