ირანი

ნოდია: ირანში რეჟიმის დამხობა რეგიონში მგონი ჩვენთვის სასიკეთოდ შეცვლის ვითარებას

ალაჰმა უწყის ირანის საპროტესტო გამოსვლები რით დამთავრდება. მთავრობას უთქვამს, უკვე ჩავახშეო, მაგრამ რამდენად მართალია, არ ვიცით. ირანის რაპრესიული მანქანა საკმაოდ ძლიერია. მაგრამ რაც ჯერჯერობით ცხადი ჩანს, ეს პროტესტი უფრო მასშტაბურია, ვიდრე 2009-ში, ან, შესაძლოა, ოდესმე ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ, რაც თითქმის 40 წლის წინ მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესები პარალელურად მრავალ სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს.

მეორე სიცხადე ისაა, რომ ლოზუნგები ახლა გაცილებით უფრო რადიკალურია და აშკარად მიმართულია თვით კლერიკალური რეჟიმის, როგორც ასეთის, წინააღმდეგ. ესეც აქამდე არ მახსოვს.

ოღონდ რაღაც გამაერთიანებელი ძალა მეტ-ნაკლებად კონკრეტული იდეოლოგიით და პროგრამით ჯერჯერობით არ ჩანს. შეიძლება, რაღაც ძალები ცდილობდნენ, ტალღას მოასხდნენ, მაგრამ თუ ეს ასეა, ლიდერი არ გამოკვეთილა. ირანის შაჰის მემკვიდრესაც კი დაუწყია ფიქრი, დაბრუნების შანსი ხომ არ მიჩნდებაო (შესაბამისი ლოზუნგებიც არის გამოსვლებზე). კიდევ არის ჩვენთვის საინტერესო ლოზუნგი "სიკვდილი რუსეთს".

ანუ, თუნდაც თუ ეს ყველაფერი რეჟიმის დაცემით დამთავრდა (რაც გამორიცხული არაა, თუმცა ამაზე ფიქრი ჯერჯერობით ნაადრევია), რა ტიპის რეჟიმი მოვა მის მაგივრად, ასევე გაურკვეველია. რაღაც კონსტიტუციური მონარქიის მსგავსი, როცა შაჰის ზედამხედელობით დემოკრატიული რეჟიმის შექმნას შეეცდებიან, შეიძლება ყველაზე უკეთესი ვარიანტი იყოს ამ ვითარებაში (რაღაც ტრადიციული ავტორიტეტიც დასჭირდებათ ირანელებს, მე მგონი). თუმცა ეს ყველაფერი მარჩიელობაა ამ ეტაპზე.

ჩემი დაკვირვებით, ამ ეტაპზე ირანის საზოგადოება უფრო პროდასავლურად (და პროამერიკულადაა) განწყობილი, ვიდრე, მაგალითად, თურქეთისა. დემოკრატიაზე დაკვეთაც საშუალო კლასში ნამდვილად არის. მაგრამ გამოცდილება დემოკრატიისა თუ დემოკრატიის მცდელობებისა ძალიან სუსტია და ძველი (მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის). შაჰის რეჟიმი სეკულარული და პროდასავლური იყო, მაგრამ დემოკრატიული - არანაირად. ამიტომ ჰომეინიმ ის დემოკრატიის დროშით წარმატებით დაამხო.

მოკლედ, ირანში მოლების რეჟიმის დამარცხება და მეტ-ნაკლებად სეკულარული რეჟიმის დამყარება რეგიონში ძალიან შეცვლის ვითარებას და, მე მგონი, ჩვენთვის სასიკეთოდ. მოხდება თუ არა ეს, სხვა საკითხია. შეიძლება ახლა ვერ მოხდეს, მაგრამ რეჟიმის ლეგიტიმურობას წყალი კიდევ უფრო შეუდგება.

პოლიტიკის მეცნიერი გია ნოდია Facebook-ის გვერდზე აფასებს ირანში მიმდინარე პროცესებს

კომენტარები