ზვიად რატიანის საქმე

ქარტია: ზვიად რატიანის ვიდეოს გამოქვეყნებით საზმაუმ ორი პრინციპი დაარღვია

რუსთავი 2

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ და ვებსაიტის რედაქტორმა ირინა დეკანოიძემ ქარტიის პირველი და მეათე პრინციპები დაარღვიეს. საქმე ეხება პოეტ ზვიად რატიანის დაკავებას. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შსს-ს მიერ მიწოდებული ვიდეომასალა, რომელშიც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზვიად რატიანია ასახული. აღსანიშნავია, რომ პოლიციელების მიერ მობილურით გადაღებული ვიდეო არასრულია და არ ასახავს პოეტის დაკავებას.

ქარტიის პირველი პრინციპი ჟურნალისტს სიზუსტის დაცვას ავალდებულებს, მეათე პრინციპი კი ამბობს, რომ "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი."

საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ქარტიაში განცხადება მწერლებმა და გამომცემლებმა შეიტანეს. სხდომას მხოლოდ განმცხადებლები ესწრებოდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს საქმის განხილვაში არ მიუღიათ მონაწილეობა.

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელებმა 23 დეკემბერს დააკავეს და სცემეს. რატიანის თქმით, სამართლადამცველების გაღიზიანება მისმა ნარინჯისფერმა ქურთუკმა გამოიწვია. რატიანი ამბობს, რომ ის გააჩერეს, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენჯერმე სცემეს. 

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რატიანმა თავად გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას და მათ უცენზურო გამონათქვამებით მიმართა. გუშინ კი, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა მობილური ტელეფონით პოლიციელების მიერ გადაღებული არასრული ვიდეოჩანაწერი, სადაც რატიანის გინება ისმის. ამასთან, აღნიშნული ვიდეო მოსამართლემ მტკიცებულებად დაუშვა და საქმის მასალებს დაურთო.

ეს გადაწყვეტილება პოეტის დაცვის მხარისთვის მიუღებელია. ზვიად რატიანის ადვოკატი ამბობს, რომ ვიდეოზე არ ჩანს მისი გაჩერების და დაკავების მომენტი და არის ტელეფონით გადაღებული, რაც კანონდარღვევაა, ვინაიდან სამართალდამცველებს საპოლიციო კონტროლის დროს სამხრე კამერების ჩართვის ვალდებულება აქვთ.

ზვიად რატიანის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ ქართველი მწერლები და საზოგადოებრივ მაუწყებელს ბოიკოტს უცხადებენ. ისინი შს მინისტრს გიორგი გახარიას ერთკვირიან ვადას აძლევენ საქმის ადეკვატური გამოძიებისთვის. 

კომენტარები