ახალი მთავრობის დამტკიცება

103 მომხრე და 17 წინააღმდეგი - პარლამენტმა მინისტრთა ახალი კაბინეტი დაამტკიცა

parliament.ge

მმართველმა გუნდმა 103 დეპუტატით მინისტრთა ახალ კაბინეტს მხარი დაუჭირა და მთავრობა დაამტკიცა. გიორგი კვირიკაშვილი პრემიერმინისტრად მეორედ დამტკიცდა და ამჯერად 13 სამინისტროს უხელმძღვანელებს. პარლამენტის დადგენილებას, საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ ხელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

საქართველოს პარლამენტი ორი დღის განმავლობაში საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში მთავრობის განახლებული შემადგენლობის მხარდაჭერის საკითხზე მსჯელობდა.

პარლამენტში გამართული 2-დღიანი პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. 19 დეკემბერს უმცირესობის სხდომაზე კი, დაპირისპირება პრემიერმინისტრსა და ოპოზიციას შორის იმით დასრულდა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ნიკა მელიას აგინა

გინების შემდეგ კი, პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა 2018 წელის დიალოგისა და მაქსიმალური ჩართულობის წლად გამოაცხადა. 

"კიდევ ერთხელ მინდა ყველა თქვენგანს დავუდასტურო მინისტრთა კაბინეტის განწყობა. ჩვენ მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ ყველასთან საქართველოს პარლამენტში, ვისთანაც შესაძლებელია ცივილიზებული დიალოგი,"- განაცხადა კვირიკაშვილმა. 

კომენტარები