ეკონომიკური ზრდა

პასუხი აკაკი ბობოხიძის კითხვაზე, რომელსაც დიმიტრი ქუმსიშვილმა არ უპასუხა

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრმა აკაკი ბობოხიძემ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს პარლამენტში მთავრობის პროგრამის წარდგენინას დაუსვა კითხვა, თუ რამდენი წელი დასჭირდება საქართველოს, რათა სიმდიდრის დონით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს დაეწიოს ეკონომიკური ზრდის იმ ტემპებით, რაც მას დღეს აქვს. ვიცეპრემიერმა კი ამ კითხვას უპასუხა იმ დაშვებით, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 7% იქნება. ეს კი იმის გათვალისწინებით, რომ 2013-2016 წლებში საქართველოს ზრდა ამაზე ორჯერ დაბალი იყო და ის 3.4%-ს შეადგენდა.

"აქ იყო დასმული კითხვა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს როდის შეიძლება გავუტოლდეთი მათი ცხოვრების დონით. თუ ჩავთლით რომ ცხოვრების ის დონე, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დღეს აქვთ და საშუალოდ თუ ჩვენ გვექნება 7%-იანი ზრდა, 2025-2027 წელში დავეწევით",- ამბობს ქუმსიშვილი.

"თუ 7% და 10% გვექნება ეკონომიკური ზრდა არა, მე გკითხეთ ამ ტემპებით რამდენი წელი დაგვჭირდება, რომ მათ დავეწიოთ"- პასუხობს ბობოხიძე. 

"თქვენ დამისვით კითხვა, მე გიპასუხეთ", - ამბობს ქუმსიშვილი.

პასუხი აკაკი ბობოხიძის კითხვაზე - რამდენ წელში დაეწევა საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ეკონომიკური ზრდის იმ ტემპით, რაც მას 2013-2016 წლებში ჰქონდა:

საერთაშორისო სავალუტო ფინდის მონაცამებით, 2017 წლის მდგომარეობით, მშპ ერთ მოსახლეზე $10,644 დოლარს შეადგენს. წარმოგიდგენთ კალკულაციას, თუ რამდენი წლის შემდეგ გაუტოლდება საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს.

  • სლოვაკეთი - დღევანდელი მშპ ერთ მოსახლეზე - $32,895, წლები, რათა საქართველო დღევანდელ სლოვაკეთს დაეწიოს 3.4%-იანი ეკონომიკური ზრდით - 34 წელი.
  • ლიტვა - დღევანდელი მშპ ერთ მოსახლეზე - $31,935, წლები, რათა საქართველო დღევანდელ ლიტვას დაეწიოს 3.4%-იანი ეკონომიკური ზრდით - 32 წელი.
  • ლატვია - დღევანდელი მშპ ერთ მოსახლეზე - $27,291, წლები, რათა საქართველო დღევანდელ ლატვიას დაეწიოს 3.4%-იანი ეკონომიკური ზრდით - 28 წელი
  • რუმინეთი - დღევანდელი მშპ ერთ მოსახლეზე - $23,990, წლები, რათა საქართველო დღევანდელ რუმინეთს დაეწიოს 3.4%-იანი ეკონომიკური ზრდით - 23 წელი
  • ბულგარეთი დღევანდელი მშპ ერთ მოსახლეზე - $21,578, წლები, რათა საქართველო დღევანდელ ბულგარეთს დაეწიოს 3.4%-იანი ეკონომიკური ზრდით - 21 წელი 

სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველო სიმდიდრით მხოლოდ 6 პოსტსაბჭოთა ქვეყანას ასწრებს, ესენია: უკრაინა, სომხეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.

შენიშვნა: წარმოდგენილი რიცხვები მსყიდველუნარიანობის პარიტეტით (PPP) არის გასწორებული. 

კომენტარები