მიხეილ სააკაშვილის საქმე

გრიცენკო: სააკაშვილმა პოროშენკოს შერიგება შესთავაზა, ნუ გააკრიტიკებთ, მიხეილს უჭირს

bbc.com

უკრაინის ოპოზიციური პარტიის "სამოქალაქო პოზიციის" ლიდერის ანატოლი გრიცენკოს ცნობით, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს წერილი გაუგზავნა, რომელშიც შერიგებას სთხოვს.

გრიცენკო პოროშენკოს წინააღმდეგ ჩატარებული საპროტესტო აქციების დროს სააკაშვილის თანამებრძოლი იყო, თუმცა რამდენიმე დღის წინ მან ვრცელი წერილი გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ რატომ აღარ დგას სააკაშვილის გვერდით. წერილში ოპოზიციური ლიდერი წერდა, რომ აუცილებელია ეს კითხვა სააკაშვილმა საკუთარ თავს დაუსვას და ეცადოს, გამოასწოროს თავისი დამოკიდებულება სხვა ოპოზიციური ლიდერების მიმართ. 

თუმცა, ამ წერილის დაწერიდან რამდენიმე საათში გრიცენკო მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომას იულია ტიმოშენკოსა და დიმიტრი დაბროდამოვთან ერთად დაესწრო. 

Facebook-ზე გუშინ გამოქვეყნებულ პოსტში კი გრიცენკო საზოგადოებას მოუწოდებს, არ გააკრიტიკონ მიხეილ სააკაშვილი მისი ბოლოდროინდელი ნაბიჯების გამო. 

"სააკაშვილის პირადი წერილი უკრაინის პრეზიდენტს, მისი განცხადება იმის შესახებ, რომ პოროშენკოსთან მოლაპარაკებები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია, საჯარო მოწოდება მომდევნო საპროტესტო მარშის შესახებ, სადაც აღარცერთხელ გაჟღერებულა პოროშენკოს გვარი და ამის ნაცვლად კრიტიკის ადრესატი "ხელისუფლებაა" - მიხეილის ეს ნაბიჯები ბევრი მისი მომხრესათვის მოულოდნელი აღმოჩნდა,"- წერს გრიცენკო. 

გრიცენკო მხარდამჭერებს მოუწოდებს, საკუთარი თავი წარმოიდგინონ მიხეილ სააკაშვილის ადგილას და ისე იმსჯელონ მის ამ გადაწყვეტილებაზე. 

"სანამ გააკრიტიკებთ, შეეცადეთ, წარმოიდგინოთ თქვენი თავი მიხეილის ადგილას, შეეცადეთ, იგრძნოთ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არსებულ ვითარებაში. ადამიანის, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, ბევრი წლის მანძილზე ხელისუფლების უმაღლეს საფეხურზე იყო. მისი ბრძანებების მიხედვით, მილიონობით ადამიანის ბედი წყდებოდა. მისი ბრძანებები წამიერად სრულდებოდა. ვისი მხარდაჭერითაც რეფორმატორების გუნდმა ნამდვილად მიაღწია არაერთ დადებით შედეგს თავის ქვეყანაში. ადამიანი, რომელსაც ყველა იცნობდა, როგორც ქვეყნის მმართველს. და ახლა? ვინ არის ახლა მიხეილი? არავინ იმასთან შედარებით, რაც მას ჰქონდა. მას არ შეუძლია თავის სამშობლოში, საქართველოში ცხოვრობ, იქ მას არ ელოდებიან და თუკი ჩავა, მზად არიან, დააპატიმრონ და ჩასვან. მას არ შეუძლია უკრაინაში ცხოვრება, სადაც მას უხეშად წაართვეს მოქალაქეობა, დაუნგრიეს თავისი ოჯახის ნორმალური ცხოვრების წესი, გაუძევეს მეგობრები უახლოესი წრიდან, ემუქრებიან სასამართლოებით, დაკავებებით, ციხით, დაუყონებლივი ექსტრადიციით. ვინმეს შეუძლია თავის წარმოდგენა მსგავს სიტუაციაში? იქნებ, სჯოდეთ, ვცადოთ და საკუთარი ფსიქოლოგიური მდგომარეობა წარმოვიდგინეთ ასეთ სიტუაციაში? დამეთანხმეთ, რომ მიხეილს უჭირს, ძალიან უჭირს. აშილობები და შეცდომები და ამ ქვეყნის განწყობები, რომლებსაც თუმცა მიხეილი სამშობლოდ თვლის, მაგრამ ობიექტურად მაინც შორსაა მისი ღრმა გაგებისგან. 

მე კი გირჩევთ, რომ დაიოკოთ ემოციები, რომლებიც ადამიანებს ერთი უკიდურესობიდან მეორეში აგდებს და ვიყოთ თავშეკავებულები. არ ღირს არავისით აღფრთოვანება - არც სააკაშვილით და არც სხვისით, რათა მერე მტკივნეულად არ გაგიცრუვდეთ იმედები,"- წერს ოპოზიციური პარტიის ლიდერი.

უკრაინული Unian-ის ცნობით, სააკაშვილის პრესსამსახური აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით კითხვებს არ პასუხობს. შეკითხვებს არ პასუხობს არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 

მათივე ცნობით, სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მზადაა პოროშენკოსთან ითანამშრომლოს, ამავდროულად კი ის მორიგ საპროტესტო აქციას აანონსებს, სახელწოდებით "მარში იმპიჩმენტისთვის".

მიხეილ სააკაშვილი პარასკევს დააკავეს. მას ბრალი დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება. ადვოკატი ამბობს, რომ სააკაშვილის დაკავების დროს მთელი რიგი პროცედურებისა დაირღვა. 

სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცავებმა, 5 დეკემბერსაც დააკავეს, მაგრამ მომხრეებმა ის პოლიციის მანქანიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და მისმა მომხრეებმა უკრაინის უმაღლეს რადასთან პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით აქციების გამართვა დაიწყეს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მასზე ძებნა გამოაცხადა. რამდენჯერმე სცადეს აქციის დაშლაც.

კომენტარები